Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეზობელ უკრაინაში ომის გამო მოლდოვის მთავრობა კიდევ 60 დღით აპირებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას


კიშინიოვი
კიშინიოვი

მოლდოვის რესპუბლიკაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა კიდევ 60 დღით გაგრძელდება, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ პროექტს. როგორც რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური იუწყება, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო მას შემდეგ, რაც საკითხი საგანგებო სიტუაციების კომისიამ განიხილა.

კომისიის ანგარიშის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების, ასევე ცივი ზამთრის სეზონზე მოლდოვის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის შესაძლო პრობლემის გამო.

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლოდროინდელმა სარაკეტო დარტყმებმა პირდაპირი უარყოფითი გავლენა მოახდინა მოლდოვის ენერგოუსაფრთხოებაზე, - ნათქვამია დოკუმენტში.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციებს და ვერ შევიტანთ ეჭვს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაში", - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ.

საგანგებო მდგომარეობის დროს, მოლდოვის ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს დამატებითი ზომები ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების რისკების მართვის მიზნით, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მოლდოვის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში ომის დაწყებიდან მუდმივად გრძელდება. სამთავრობო ინიციატივა კენჭისყრისთვის უკვე წარედგინა პარლამენტს.

XS
SM
MD
LG