უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის და დონეცკის ოლქებში და თავდაცვის ძალების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს 30 საავიაციო იერიში და 35-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 19 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 3 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 4 მართვის პუნქტი და 5 სხვა სამხედრო ობიექტი.