Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რითაც უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა


უჩა მამაცაშვილი
უჩა მამაცაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელი "ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ. ეს ეხება ე.წ ქოლცენტრების საქმეს. კერძოდ, "ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" მამაცაშვილი "ქოლცენტრების" სქემასთან კავშირში დაადანაშაულა, რის გამოც მან ცილისწამებისთვის იჩივლა.

მოძრაობის წევრი ვასო ურუშაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მოსამართლეთა კოლეგიას განმარტება არ გაუკეთებია. მისი თქმით, კიდევ ერთხელ "გამოცხადდა" სასამართლო "ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის მსახურების როლში".

"როცა სასამართლო ამტკიცებს, თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი კერძო პირი, კერძო ბიზნესმენია და ამ მოტივით გამართლდა, ჩვენ წარმოვადგინეთ უკრაინის მთავრობის ოფიციალური დოკუმენტი, სადაც უჩა მამაცაშვილი მოხსენიებულია, როგორც ოლიგარქიული კლანის წევრი და არის დასანქცირებული. ეს მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ არ ცნო მიზანშეწონილად, რომ განეხილა.

უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა ღიად თქვა სასამართლო სხდომაზე, რომ მათი მთავარი ამოცანაა პრევენცია იმისა, რომ დაგვადონ ფინანსური სანქციები, რათა მომავალში აღარ გავაგრძელოთ კორუფციაზე ლაპარაკი.

მოსამართლეთა კოლეგია სულ რაღაც რამდენიმე წუთით შემოიფარგლა, მხოლოდ ერთი რამ განაცხადეს, რომ ძალაში ტოვებს საქალაქოს გადაწყვეტილებას და გაიქცნენ პირდაპირი მნიშვნელობით. ერთმანეთს ასწრებდნენ", - თქვა ვასო ურუშაძემ.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ უნდობლობის მიუხედავად, უზენაეს სასამართლოსაც მიმართავენ, რათა საქმე საბოლოოდ ევროსასამართლოშიც გასაჩივრდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 5 აგვისტოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ცილისმწამებლური იყო "ქოლცენტრებსა" და ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდაზე მამაცაშვილის როლზე გაკეთებული განცხადებები.

მოსამართლე გოჩა დიდავას ამ გადაწყვეტილებით, მონაწილე მხარეებს უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ:

  • "ანტიკორუფციულ მოძრაობას" - 5 ათასი ლარი;
  • ვასო ურუშაძეს - 5 ათასი ლარი;
  • ლაშა ფარულავას - 5 ათასი ლარი.

გარდა ამისა, მოსამართლემ "ანტიკორუფციულ მოძრაობას", ლაშა ფარულავასა და ვასო ურუშაძეს დააკისრა უჩა მამაცაშვილის ადვოკატის მომსახურების საფასურის, 600 ლარის გადახდა.

უჩა მამაცაშვილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 150 ათას ლარს ითხოვდა.

"ანტიკორუფციული მოძრაობა" სასამართლო დავის დაწყებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლად მიიჩნევდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები უჩა მამაცაშვილს ორი მიმართულებით უყენებდნენ ბრალდებას:

  • "არსებობს კორუფციული ინტერესი, არსებობენ შუამავალი კომპანიები [უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული], რომლებიც ასოცირდება არაფორმალურ მმართველებთან და ამის გამო ჩვენს მოქალაქეებს უძვირდებათ ყოველდღიური ცხოვრება";
  • "ქოლცენტრებთან" კავშირი - "სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარი შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და "ქართულ ოცნებას", რომლებიც შემდეგ, ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად".
XS
SM
MD
LG