Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტვიტერმა ანტისემიტიზმის ბრალდებით დაუბლოკა ანგარიში ცნობილ რეპერს, კანიე უესტს


კანიე უესტი
კანიე უესტი

ტვიტერმა ცნობილი რეპერის, კანიე უესტის ანგარიში დაბლოკა მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა ნაცისტური სვასტიკა ებრაულ სიმბოლოსთან, დავითის ვარსკვლავთან კომბინაციაში. ადრე მან პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე შეაქო ნაცისტური გერმანიის ფიურერი ადოლფ ჰიტლერი.

უესტის ანგარიშის დაბლოკვის შესახებ ტვიტერის მფლობელმა ილონ მასკმა გამოაცხადა. მან დაწერა, რომ ანგარიში დაიბლოკა „სიძულვილის გაღვივებისთვის“.

ეს ცნობილი პირის ანგარიშის დაბლოკვის იშვიათი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც კომპანია ტვიტერი მასკმა შეიძინა. ბიზნესმენი საკუთარ თავს უწოდებდა „სიტყვის აბსოლუტური თავისუფლების მომხრეს“. მის მიერ ტვიტერის შეძენის შემდეგ აკრძალვა მოუხსნეს მრავალ დაბლოკილ ანგარიშს, მათ შორის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და თავად კანიე უესტს. ეს მოხდა 29 ოქტომბერს. მაგრამ ერთი თვის შემდეგ მასკი იძულებული გახდა, რეპერი ფაქტობრივად იმავე მიზეზით დაებლოკა, რის გამოც ეს ტვიტერის წინა ხელმძღვანელობამ გააკეთა.

ტვიტერის ანგარიშის დაბლოკვას წინ უსწრებდა უესტის გამოსვლა რადიკალი მემარჯვენე კომენტატორის, კონსპიროლოგიური თეორიების მომხრე ალექს ჯონსის ტელეშოუში. მასში უესტი გამოტყდა ჰიტლერის მიმართ სიმპათიებში და საკუთარ თავს რამდენჯერმე უწოდა ნაცისტი. მან აღნიშნა, რომ „ყველაფერ ებრაულს არ ეწინააღმდეგება“ და ამასთან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას „მორიგი ებრაული პრეზიდენტი“ უწოდა. მისი თქმით, ობამა ჰიტლერის მსგავსად კლავდა ხალხს. როცა გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკ ფუენტესმა თქვა, რომ ის „ძალიან პროპუტინისტური და პრორუსული“ ორიენტაციისაა, კანიემ აღნიშნა: „მეც“.

სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Adidas-მა ოქტომბრის ბოლოს შეწყვიტა კანიე უესტთან თანამშრომლობა მის მიერ სოცქსელებში გაკეთებული კომენტარების გამო. Adidas-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია „არ მოითმენს ანტისემიტიზმს და სიძულვილის ენის ნებისმიერ სხვა გამოვლინებას“. ეს მოხდა მალე მას შემდეგ, რაც ტვიტერში უესტის ანგარიში პირველად დაიბლოკა ანტისემიტური ტვიტისთვის.

XS
SM
MD
LG