Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ტელეარხ „დოჟდის“ თანამშრომლები რუსეთში უნდა დაბრუნდნენ


ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდი"
ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდი"

რუსეთის ტელეარხ „დოჟდის“ თანამშრომლები, რომლებიც ახლა მუშაობენ ლატვიაში, რუსეთში უნდა დაბრუნდნენ, ხოლო ამ ქვეყანაში მათი ცხოვრების უფლება უნდა გაუქმდეს, განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკასმა 2 დეკემბერს. ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში ის წერს, რომ „პროცესი უკვე დაიწყო“, თუმცა დეტალები არ გაუმხელია.

პაბრიკასის განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც „დოჟდის“ ერთ-ერთმა წამყვანმა, ალექსეი კოროსტელიოვმა ეთერში განაცხადა, რომ არხი „აღჭურვილობით" ეხმარება რუსეთის არმიას, რომელიც უკრაინაში იბრძვის, თუმცა არ დაუზუსტებია, რას აკეთებს ზუსტად.

„იმედი გვაქვს, რომ შევძელით ბევრი (რუსი) სამხედროს დახმარება, მაგალითად, ტექნიკით და ფრონტზე პირველადი საჭიროების საგნებით“, - თქვა კოროსტელიოვმა 1 დეკემბერს გადაცემაში „აქ და ახლა.“

ლატვიის მედიის მარეგულირებელმა, NEPLP-მა ,"დოჟდი" ათი ათასი ევროთი დააჯარიმა ამ ინციდენტისთვის და განაცხადა, რომ ამგვარი დარღვევის განმეორების შემთხვევაში, არხმა შეიძლება დაკარგოს მაუწყებლობის ლიცენზია.

2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა, VDD-მ, დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.

„დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ განაცხადა, რომ არხი „რუსეთის არმიას არ უწევდა, არ უწევს და არ გაუწევს დახმარებას“.

არხის პრესმდივანმა ეკატერინე კოტრიკაძემ თქვა, რომ „დოჟდი“ „წყვეტს თანამშრომლობას“ კოროსტელიოვთან, რომელიც ახლა, სავარაუდოდ, დაითხოვეს სამსახურიდან.

XS
SM
MD
LG