Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ზაპოროჟიეზე


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სტარუხმა ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის ტელეგრამზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში დაზიანებულია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ზაპოროჟიეს მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ქალაქში სამი ძლიერი აფეთქება იყო.

5 დეკემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა ბოლო ორ თვეში მერვე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე ოდესის, კიევის, ვინიცის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქებში. დაიღუპა 4 ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 5 დეკემბერს რუსეთმა ისროლა 70-ზე მეტი ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა, საიდანაც 60-ზე მეტი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. სარდლობის თანახმად, 38 ფრთოსანი რაკეტა ნასროლი იყო კასპიის ზღვის და როსტოვის ოლქის რაიონებიდან, რუსეთის 8 სტრატეგიული ბომბდამშენიდან ტუ-95.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასირებული სარაკეტო შეტევა 5 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში განახორციელა. რამდენიმე საათით ადრე, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე მოხდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განახორციელა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, 5 დეკემბერს, უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ორი ფოტო, წარწერით: „რიაზანი. ვგლოვობთ“, რომლებზეც ასახული იყო დაზიანებული ბომბდამშენი და სატვირთო ავტომანქანა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ეს ფოტოები ტელეგრამიდან წაშალეს.

XS
SM
MD
LG