Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სსრკ-ს დაარსების 100 წლისთავის აღნიშვნას გეგმავენ


ფოტო არქივიდან: ცხინვალი
ფოტო არქივიდან: ცხინვალი

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესს" დე ფაქტო რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიაში განუცხადეს. კომუნისტებმა აღნიშნეს, რომ ცხინვალში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებიც ჩავლენ.

„9 დეკემბერს გაიმართება სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან. იმავე დღეს ჩერმენის საკონცერტო დარბაზ „ჩერმენში“ სსრკ-ს დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა გაიმართება“, - აცხადებენ კომუნისტურ პარტიაში.

ამ დღეს „სამშობლოს დამცველთა“ მემორიალს დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრები გვირგვინებით შეამკობენ.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ) შეიქმნა 1922 წლის 30 დეკემბერს - საბჭოთა კავშირის საკავშირო ყრილობაზე რსფსრ-ს, უკრაინის და ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების, ასევე ამიერკავკასიის ფედერაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს სსრკ-ს შექმნის დეკლარაციას და საკავშირო ხელშეკრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა 1991 წლის 26 დეკემბერს არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა, ოკუპირებულ ცხინვალში საბჭოთა ნოსტალგია მაინც მაღალ დონეზეა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა ბოლშევიკების დამსახურებაა. წითელი არმიის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1922 წლის 22 აპრილს შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის თაობაზე, ასევე სსრკ-ს უმაღლეს საბჭოში გაგზავნა მიმართვა, რათა ახალი სოციალისტური რესპუბლიკა გამხდარიყო საბჭოთა კავშირის მეკავშირე ქვეყანა. სესიაზე მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია, ხოლო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადდა სსრკ-ს კანონები მოქმედ კანონმდებლობად.

1990 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს" 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და სტატუსის შესახებ“ ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ გამოაცხადა. შემდეგ კი დაიწყო პირველი კონფლიქტი. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ცნო ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG