Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: რუსეთმა შესაძლოა ნავთობის მინიმალური ფასი შემოიღოს დასავლეთის მიერ დაწესებული ზედა ზღვრის საპასუხოდ


გამოცემა Bloomberg-ის თანახმად, რომელიც ანონიმ წყაროებს ეყრდნობა, მოსკოვი განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ „ჭერს ფსკერით უპასუხოს“. ანუ საკუთარი ნავთობის ერთი ბარელისთვის ან ფიქსირებული ფასი დააწესოს, ან მის გაყიდვაზე მაქსიმალური ფასდაკლება შემოიღოს პასუხად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შემოღებულ ლიმიტზე, რომლის მიხედვით, ბარელ რუსულ ნავთობში მაქსიმუმ 60 დოლარს გადაიხდიან.

მაქსიმალური ფასის დაწესებით „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები იმედოვნებენ, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი არ შეწყდება, მაგრამ მისი ფასი მოსკოვს არ მისცემს იმ შემოსავლის მიღების საშუალებას, რაც საჭიროა უკრაინაში ომის გასაგრძელებლად.

Bloomberg-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, რუსეთს სურს, თავისი ნავთობის მყიდველებს შესთავაზოს ფასების ერთგვარი გამჭვირვალე მექანიზმი, რომელიც საბაზრო მოთხოვნებს უპასუხებს. სააგენტოს თანამოსაუბრის თანახმად, კრემლს არ სურს არასაბაზრო ბერკეტების მეშვეობით ზეწოლა განახორციელოს და უკმაყოფილება გამოიწვიოს ნეიტრალურ ქვეყნებში, რომლებიც მისგან ნავთობს ყიდულობენ.

ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება რუსეთის ნავთობზე ზღვრული შეღავათების დადგენა მსოფლიო ფასებთან შედარებით, რომელთა გადალახვა აკრძალული ექნებათ რუსეთის მეწარმეებს. ამ შეღავათების ზომებს რეგულარულად გადახედავენ ბაზრის ქცევის შესაბამისად.

მეორე ვარიანტია ფიქსირებული ფასის დადგენა, რომელსაც ასევე რეგულარულად გადახედავენ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, აჩქარების მიზეზი არ არსებობს და მოსკოვი წლის ბოლომდე მოასწრებს ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებას ფასებზე დაწესებული ზედა ზღვრის საწინააღმდეგოდ.

როგორც სააგენტო წერს რუსეთის მთავრობაში მყოფ კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით, კრემლში მზადდება პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც რუსეთის კომპანიებსა და საერთაშორისო ტრეიდერებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, აუკრძალავს ნავთობის იმათთვის მიყიდვას, ვინც ფასების ზედა ზღვრის დაცვის ვალდებულება იკისრა.

რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებს, თავად პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ დათანხმდებიან ფასების ზედა ზღვარს, ვინაიდან ის, მათი სიტყვებით, არ შეესაბამება თავისუფალი ბაზრის წესებს და შეიძლება დაარღვიოს მოთხოვნისა და მიწოდების გლობალური წონასწორობა.

კვირის დამდეგს ნოვაკმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი შეწყვეტს ნედლი ნავთობის მიწოდებას ნებისმიერი მყიდველისთვის, რომელიც გადაწყვეტს, დაიცვას ნავთობის ფასებზე შემოღებული ზედა ზღვარი, და მზადაა, დროებით ნავთობის მოპოვების მოცულობაც კი შეამციროს.

XS
SM
MD
LG