Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Newsweek-ი: კრემლი უარყოფს, რომ პუტინი კიბეზე წაიქცა და „უნებლიე დეფეკაცია“ ჰქონდა


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსამსახური უარყოფს, რომ კრემლის ლიდერი კიბეზე წაიქცა და წაქცევისას თავისდაუნებურად მოისაქმა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი იტყობინება.

გამოცემის თანახმად, General SVR-მა გასულ კვირაში გრძელი პოსტი მიუძღვნა ამ თემას ტელეგრამში. პოსტში აღწერილია პუტინის სტრესით აღსავსე სამუშაო დღე - თათბირი მძიმე ვითარებაში მყოფი რუსეთის ეკონომიკისა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

General SVR-ის თანახმად, დღის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტს კიბეზე ფეხი დაუცდა და ვარდნისას კუდუსუნის ძვალი ჩამოჰკრა კიბეს. ამ უბედურმა შემთხვევამ პუტინის მიერ „უნებლიე დეფეკაცია“ გამოიწვია.

როგორც Newsweek-ი წერს, General SVR-ი არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ანონიმური გვერდი ეკუთვნის რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც წვდომა აქვს პუტინთან და მის გარემოცვასთან. მაგრამ არხზე ხშირად იბეჭდება კრემლის წინააღმდეგ მიმართული შეუმოწმებელი პუბლიკაციები. ხშირად გამოქვეყნებულა ცნობები პუტინის ჯანმრთელობის სავარაუდო გაუარესების შესახებ.

როგორც Newsweek-ი იტყობინება 6 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გამოცემისთვის მიწერილ ელექტრონულ წერილში უარყო ცნობები, რომ თითქოს პუტინი კიბეზე დაეცა, კუდუსუნი დაიზიანა და უნებლიე დეფეკაცია ჰქონდა.

„თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს,“ წერია კრემლის პასუხში.

„პუტინი რომ საიდუმლოებით მოცული დაავადებით არის ავად, - სხვადასხვა ტიპის კიბოთი დაწყებული და პარკინსონის დაავადებითა და ფსიქიკური დაავადებით დამთავრებული, - ამის თაობაზე წლების განმავლობაში დადის ჭორები, თუმცა სპეკულაცია გახშირდა, მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა თებერვლის ბოლოს,“ წერს Newsweek-ი.

რუსეთის ხელისუფლებამ წარსულშიც არაერთხელ უარყო პუტინის ავადმყოფობა. მაისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საფრანგეთის ტელეკომპანია TF1-თან ინტერვიუში უარყო პუტინის ავადმყოფობა. ივლისში Forbes-ი იტყობინებოდა, რომ კრემლმა კვლავ უარყო პუტინის ჯანმრთელობის გაუარესება.

„მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა,“ უთხრა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა Reuters-ს. „ხომ იცით, ინფორმაციის უკრაინელი სპეციალისტები, ამერიკელები და ბრიტანელები თვეების განმავლობაში სხვადასხვა ყალბ ცნობას ავრცელებენ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ყოველივე ეს სიყალბეა და სხვა არაფერი.“

მსოფლიო პრესაში ქვეყნდება არაერთი სტატია, რომელთა ავტორები რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ მსჯელობენ მისი ფოტოებისა და ვიდეოკლიპების მიხედვით. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, რომ პუტინი მაგიდას არის ჩაფრენილი თითქოს იმისთვის, რომ არ გამოჩნდეს, როგორ უკანკალებს ხელი. ასევე ყურადღებას აქცევენ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ფეხს აქანავებს ხოლმე.

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტები შეიძლება ავლენდნენ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა კანკალი, წონასწორობის დაკარგვა და შებოჭილობა.

როგორც Newsweek-ი იტყობინება, მან General SVR-ის ტელეგრამის არხსაც მიმართა კომენტარისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG