Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო "ტრამპის ორგანიზაცია"


ფოტო არქივიდან. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
ფოტო არქივიდან. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს კომპანია „ტრამპის ორგანიზაცია"(Trump Organization), რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი ოჯახის წევრთა ქონებას მართავს. მათ შორის სასტუმროებს, გოლფის კლუბებს და სხვა უძრავ ქონებას მთელ მსოფლიოში.

ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის ყველა ბრალდება, რომლებიც უკავშირდება 15 წლის განმავლობაში საგადასახადო სამსახურების მოტყუებას და საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბებას. კომპანიას 1.6 მილიონი დოლარის ჯარიმა ემუქრება. მოსამართლე განაჩენს 13 იანვარს გამოაცხადებს.

მთავარმა ბრალდებულმა, „ტრამპის ორგანიზაციის“ ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა, 75 წლის ალან ვაისელბერგმა თავი დამნაშავედ ცნო და კომპანიის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რის სანაცვლოდაც საპატიმროში 5 თვეზე მეტხანს არ გაატარებს და თავის დროზე არადეკლარირებული შემოსავლების თანხას, 1.7 მილიონ დოლარს გადაიხდის.

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრეგმა ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა და განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება პირადად დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა, მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 600-ზე მეტი პირი.

XS
SM
MD
LG