Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კადიროველთა დანაკარგების გამო, გროზნოში გაუქმდა საახალწლო ფეიერვერკი


"კადიროველები" - რამზან კადიროვის ერთგული მებრძოლები უკრაინაში
"კადიროველები" - რამზან კადიროვის ერთგული მებრძოლები უკრაინაში

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გააუქმეს საახალწლოდ დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება, საზეიმო კონცერტი და ზალპი. მიზეზს ადგილობრივი პრომოსკოვური ხელისუფლება არ ასახელებს, მაგრამ, როგორც სახელმწიფო სააგენტო „ჩეჩნია სეგოდნია“ წერს, ამ ახალ წელს გროზნოს ცენტრალურ მოედანზე არ გაიმართება ტრადიციული კონცერტი და არ დამონტაჟდება სადღესასწაულო ილუმინაციები მ.ესამბაევის სახელობის ცენტრალურ მოედანზე. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ წელს დიდწილად შარშანდელი დეკორაციები იქნება გამოყენებული.

ამა წლის მაისში უკრაინაში მყოფ ოფიციალურ ჩეჩნურ ქვედანაყოფთა რიგებში განცდილი დიდი დანაკარგების გამო, რესპუბლიკაში არაოფიციალურად აიკრძალა მასშტაბური ქორწილების გამართვა. ამის თაობაზე „კავკაზ.რეალიის“ აცნობა ორმა დამოუკიდებელმა წყარომ, რომელთა სიტყვებით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი გამხდარა „ფადიშაჰის“ (ასე უწოდებენ რამზან კადიროვს-რედ.) მოსაზრება“.

„კავკაზ.რეალიის“ და ჩეჩენ უფლებადამცველთა ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში უკრაინაში 154 ჩეჩნეთის მკვიდრი დაიღუპა.

დიდი დანაკარგები განიცადეს კადიროველებმა ოქტომბრის ბოლოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კადიროველები იყვნენ განლაგებული, დაიღუპა 40 და დაიჭრა 10 ადამიანი.

ხერსონის ოლქში ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრების დაღუპვის შესახებ ცნობა მოგვიანებით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმაც დაადასტურა.

კადიროვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოკლულია 23 და დაჭრილია 58 მებრძოლი. მაგრამ კადიროვი იქვე ამტკიცებდა, რომ ჩეჩნებმა შური იმავე დღეს იძიეს და „ჯოჯოხეთში გაუშვეს 70-მდე ბანდერელი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG