Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკანში გადაღებული კადრების წულუკიანის მიერ გასაჯაროება უკანონოდ ცნო ორი ინსტანციის სასამართლომ

იურისტი ლევან ალაფიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სააპელაციო სასამართლოში მოიგო დავა პენიტენციურ სამსახურთან - საქმე ეხება 2020 წლის იანვარში მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ციხის საკანში ომბუდსმენის წარმომადგენლის შეხვედრის ამსახველი კადრების გასაჯაროებას მისი თანხმობის გარეშე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავდნენ ციხეებთან დაკავშირებით. თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც კადრებში იყო ასახული, ჩაცმულობისა და პატიმართან ქცევის გამო გააკრიტიკა. მინისტრის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გასაჯაროებული ჩანაწერი მალევე გავრცელდა პენიტენციური სამსახურის ვებგვერდისა და ფეისბუკგვერდის საშუალებით.

ლევან ალაფიშვილი სახალხო დამცველის ყოფილი თანამშრომლის ინტერესებს ჯერ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში იცავდა. აპარატმა პენიტენციური სამსახური კანონდამრღვევად ცნო 2020 წლის მარტში და ჯარიმა დააკისრა. დაჯარიმდა იუსტიციის სამინისტროც. პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ნოემბერს გამოაცხადა. მოსამართლე ივანე ღლონტმა სრულად გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის პოზიციები, შეამცირა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსთვის დასაკისრებელი ჯარიმა მორალური ზიანისთვის.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძის გადაწყვეტილება კი დღეს გახდა ცნობილი. ლევან ალაფიშვილი იმედოვნებს, რომ ამ საქმეზე უზენაესი სასამართლოც “კანონის და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე” დარჩება.

“წულუკიანმა ნაცვლად იმისა, რომ საგნობრივი დისკუსია ჰქონოდა, პოპულისტური თავდასხმის ტაქტიკა აირჩია და მის ვიწროპარტიულ თუ ვიწროპოლიტიკურ ინტერესს შესწირა ადამიანის უფლებები. ამ შემთხვევაში ჩემი მარწმუნებლის, ნიკოლოზ რობაქიძის უფლება, რომლის ფუნქცია, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლის ფუნქცია, იყო პატიმრებთან შეხვედრა. ეს კადრები, სამწუხაროდ, საჯარო სივრცეში დღესაც უხვად მოიპოვება - მასში მსჯავრდებული დაფარული სახით არის წარმოდგენილი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი - არა. ეს იყო ადამიანის უფლების შეგნებულად, თავხედური დარღვევა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ალაფიშვილმა. ის მიიჩნევს, რომ საქმის მოგება დიდწილად სწორად არჩეულმა სტრატეგიამ განაპირობა, ასევე - იმან, რომ სახელმწიფო ინსპექტორს არსებითი დარღვევები ჰქონდა დადგენილი, რამაც სასამართლოებს გაუმარტივა სამართლიანი განაჩენის გამოტანა.

როგორც ლევან ალაფიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს საქმე პრეცედენტულია პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ადამიანის ნებართვის გარეშე მისი ფოტო ან ვიდეო გამოსახულების გავრცელებისთვის ნაწარმოები დავები ამ დრომდე მხოლოდ ორი იყო.

ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებმა ამ საქმეზე მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს პოლიტიკოსების ქცევაზეც. ​
“როგორი დებატებიც არ უნდა იყოს, იმ დებატების წარმოებისას, განსაკუთრებით საჯარო პირებს, ევალებათ ფიქრი იმაზე, რომ არ დაარღვიონ სხვა ადამიანების უფლებები, ნებსით თუ უნებლიეთ”, - ამბობს ის.

რა თქვა ციხის საკანში ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი კადრების გასაჯაროებისას თეა წულუკიანმა პარლამენტში:

“ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში.

მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევა, მაგრამ რასაც ჩემს თანამშრომლებს თქვენ საყვედურობთ, არც ის არის მასიური შემთხვევა. მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი. მასიური არ არის, მაგრამ არის პრობლემა. ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც, სხვათა შორის, დახეული ჯინსი აცვია და როცა თქვენ მსაყვედურობთ, შენ თანამშრომელს ფორმა არ ეცვა გეგუთშიო და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს გარჩევა, ვინ არის პატიმარი და ვინ სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ პატიმრებს ქუდის ტარების უფლებას არ ვაძლევთ და ბასკური ბერეტით შეიძლება მიხვდე, მაგრამ ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს?! ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში”, - თქვა იმ დროს იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის იანვარში.

XS
SM
MD
LG