Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიასა და ლიეტუვასთან ერთად, რუსულენოვანი „დოჟდის“ მაუწყებლობას 8 დეკემბრიდან ესტონეთიც შეწყვეტს


ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდის" საეთერო სტუდია
ფოტოილუსტრაცია: ტელეკომპანია "დოჟდის" საეთერო სტუდია

ესტონეთი, ლატვიასა და ლიეტუვასთან ერთად, 8 დეკემბრიდან შეწყვეტს ტელეკომპანია „დოჟდის“ მაუწყებლობას. გამოცემა Postimees-ის ცნობით, ამ შემთხვევაში მიზეზი იგივეა, რაც იყო ლიეტუვაში - ლიცენზია, რომელიც ლატვიის ხელისუფლებამ გააუქმა, რუსულენოვან ტელეარხს აძლევდა თავისი კონტენტის ევროკავშირში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გავრცელების შესაძლებლობას. ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, „დოჟდი" ესტონეთშიც შეწყვეტს მაუწყებლობას.

„დოჟდის“ ერთ-ერთი ოპერატორი კომპანია Elisa-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერების შესახებ შეტყობინება კომპანიამ მომხმარებელთა დაცვისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტისგან მიიღო.

მანამდე რუსულენოვანი ტელეარხის ეთერში გასვლის ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილება ლატვიაში "ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხის გამო მიიღეს." გარდა ამისა, ლატვიის ტერიტორიაზე ტელეკომპანიას YouTube-პროგრამებზე წვდომაც გაუუქმდა. იგივე შეეხება არხის YouTube-ის პლატფორმას ლიეტუვაშიც.

არხისთვის ლიცენზიის გაუქმების გარდა, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილი წამყვანი ალექსეი კოროსტილიოვი იმ პირთა "შავ სიაში" შეიყვანოს, რომლებსაც ლატვიაში შესვლა ეკრძალებათ.

  • 1 დეკემბერს საღამოს "დოჟდის" პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „აქ და ახლა“, ჟურნალისტმა ალექსეი კოროსტილიოვმა მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობონ ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.
  • 2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.
  • 2 დეკემბერს ტელეკომპანია “დოჟდმა“ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
  • „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმებას შეცდომა უწოდა და არხის ჟურნალისტებს თანადგომა გამოუცხადა არაერთმა მედიასაშუალებამ და პოლიტიკოსმა, მათ შორის რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც პატიმრობას იხდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. პოლიტიკოსმა არხს უწოდა რუსეთის მიერ გაჩაღებული „ომის შესახებ სიმართლის წყარო რუსეთში მილიონობით ადამიანისთვის.“
XS
SM
MD
LG