Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის სკოლებში ანტიტერორისტული შემოწმება ტარდება


ოკუპირებული სოხუმის ერთ-ერთი სკოლა
ოკუპირებული სოხუმის ერთ-ერთი სკოლა

გამნაღმველებმა წუხელ სოხუმის ზოგიერთი სკოლის შემოწმება ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებით აფხაზურ ტელეგრამის არხებში გამოჩენილ ანონიმურ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ "ვიღაცამ საქართველოდან მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტი დააფინანსა."

მანამდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებდნენ. დე ფაქტო სამინისტრომ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ „არ აჰყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიფხიზლე."

მაგრამ, როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ყველა მშობელმა ვერ მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება, ბევრმა მშობელმა შვილები სკოლებში არ გაუშვა.

"გეყოფათ უკვე ხალხის დაზაფრა! ნუ ამყოფებთ ხალხს შიშში! მშობლები პანიკაში არიან, ეშინიათ, რომ შვილები სკოლაში გაუშვან," - წერს აფხაზი აქტივისტი ჯანსუხ ადლეიბა.

მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მესვეურები.

"ცენტრალურ სკოლებში მშობლები რატომღაც პანიკას თესენ, მაგრამ ასე არ უნდა ხდებოდეს. სიფხიზლე ყოველთვის უნდა იქნეს შენარჩუნებული და თუ სპეციალისტები ახორციელებენ რაიმე პრევენციულ ზომებს, მაშინ, პირიქით, მათ მხარი უნდა დაუჭირონ", - განმარტა სოხუმის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასტანდა ტარკილმა.

"აფხაზური პორტალის" ინფორმაციით, დღეს სოხუმის მე-2 სკოლაში სასწავლო განგაში გაიმართება. მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ქცევის წესებს.

XS
SM
MD
LG