Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„New York Times“-ის ათასზე მეტმა ჟურნალისტმა გაფიცვა გამოაცხადა


New York Times-ის რედაქციის შენობა ნიუ-იორკში.
New York Times-ის რედაქციის შენობა ნიუ-იორკში.

გაზეთ The New York Times-ის რედაქციის წევრთა უდიდესმა ნაწილმა, 1100-მდე ჟურნალისტმა, გაფიცვა გამოაცხადა და 24 საათით შეაჩერა მუშაობა.

გაფიცვის მიზეზი ისაა, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელფასების ზრდის და შინ მუშაობის პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

ნიუ-იორკის პროფკავშირის, The NewsGuild-ის, წევრების თანახმად, 2021 წლის მარტის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკება გაიჭიმა და მათ შედეგი სურთ. პროფესიული კავშირის თანახმად, ამ მასშტაბის გაფიცვა New York Times-ს 40 წელია არ ახსოვს.

არ არის ცხადი, როგორ იმოქმედებს გაფიცვა სარედაქციო საქმიანობაზე. რედაქციის წარმომადგენელმა AP-ის უთხრა, რომ გაზეთის საქმიანობაში ჩაებმებიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟურნალისტები, რომლებიც არ არიან პროფესიული კავშირის წევრები.

გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, კლიფ ლევიმ, განაცხადა, რომ თანამშრომლებს შესთავაზეს ხელფასების დაუყოვნებლივ გაზრდა 5,5%-ით და შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, სამ-სამი პროცენტით. პროფესიული კავშირი მოითხოვს, რომ ხელფასები ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ გაუზარდონ 10%-ით.

XS
SM
MD
LG