Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმა მიიღო თავდაცვის სარეკორდო - 858 მილიარდი დოლარის მოცულობის - ბიუჯეტი


აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 8 დეკემბრის სხდომაზე მხარი დაუჭირა 2023 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სარეკორდო - 858 მილიარდი დოლარის მოცულობისაა. ეს თითქმის 80 მილიარდი დოლარით აღემატება 2022 წლის ბიუჯეტს და 45 მილიარდით მეტია იმაზე, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა გაზაფხულზე.

დოკუმენტი ითვალისწინებს მინიმუმ 800 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პროგრამისთვის. ეს 500 მილიონით მეტია, ვიდრე თეთრი სახლი ითხოვდა.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში 10 მილიარდ დოლარამდე გამოიყოფა ტაივანის თავდაცვის მხარდასაჭერად.

6 მილიარდი გამოიყოფა ევროპაში სამხედრო საფრთხის შეკავების ინიციატივის დასაფინანსებლად. აქ პირველ რიგში, საუბარია რუსეთთან დაპირისპირებაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს თავდაცვის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის ხუთწლიან აკრძალვას.

დოკუმენტი ითვალისწინებს ახალი სტრატეგიული B-21 ბომბდამშენების - რომელთაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ - აგების პროგრამის სრულ დაფარვას. არმიას უფლება აქვს შეიძინოს F-35-ის ტიპის კიდევ 36 გამანადგურებელი. ფლოტი მიიღებს 32 მილიარდს ახალი ხომალდების მშენებლობისთვის.

თავდაცვის ბიუჯეტის მთელი პროექტი მოიცავს 4408 გვერდს. 50 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა აშშ-ში სამხედრო ჰოსპიტლების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებს ხელფასი 4,6 პროცენტით გაეზრდებათ. დოკუმენტი შეიცავს ხარჯებს, რომლებიც პირდაპირ არ არის ჯართან დაკავშირებული: მაგალითად, ის აღუთქვამს აშშ-ის ყველა ფედერალურ თანამშრომელს მინიმალურ ხელფასს 15 დოლარის ოდენობით საათში.

ახლა სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონი კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა, უნდა მიიღოს. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტი ადვილად გაივლის კენჭისყრას პალატაში. ამის შემდეგ ის პრეზიდენტს გადაეცემა ხელმოსაწერად

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG