Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა აშშ-ს და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლას


ვიქტორ ბუტი, პოლ უილანი, ბრიტნი გრაინერი (კომბინირებული ფოტო)
ვიქტორ ბუტი, პოლ უილანი, ბრიტნი გრაინერი (კომბინირებული ფოტო)

ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრაინერის და რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის გაცვლას დისკუსია მოჰყვა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო „არაპატრიოტული სირცხვილი“. ტრამპი მიიჩნევს, რომ ბუტში უნდა გაეცვალათ ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი.

უილანი 2018 წელს დააკავეს რუსეთში და ჯაშუშობისთვის გაასამართლეს. სამი წელია იგი კოლონიაში იხდის სასჯელს.

CNN-თან საუბარში უილანმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, რომ მისი გათავისუფლებისთვის არაფერი გაკეთდა. უილანი მიიჩნევს, რომ დააპატიმრეს დანაშაულისთვის, რომელიც არასოდეს ჩაუდენია.

რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა აშშ-სთან რუსეთის ურთიერთობის გამოსწორებას არ ნიშნავს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოლაპარაკება მხოლოდ გრაინერის და ბუტის გაცვლას ეხებოდა. არასწორი იქნებოდა, - თქვა პესკოვმა, - დასკვნები გაგვეკეთებინა ორ ქვეყანას შორის კრიზისის დაძლევის მიმართულებით.

32 წლის გრაინერი რუსეთში საპატიმროში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ 17 თებერვალს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ბარგში უპოვა რუსეთში აკრძალული კანაფის ზეთი. 2022 წლის აგვისტოში სასამართლომ გრაინერი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების კონტრაბანდაში და მას ცხრა წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა.

55 წლის ვიქტორ ბუტს იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი აშშ-ში. პრესა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU) ვიქტორ ბუტის კავშირზე იტყობინებოდა.

ვიქტორ ბუტის ადვოკატმა ალექსეი ტარასოვმა RIA Novosti-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები თავდაპირველად აპირებდა ბუტის გაცვლას ორ ადამიანზე - გრაინერსა და პოლ უილანზე, რომლებიც გაასამართლეს რუსეთის ფედერაციაში ჯაშუშობისთვის. „საბოლოოდ, როგორც ვხედავთ, გაცვლა მოხდა ერთზე. მართლაც, გაცვლა უნდა იყოს ეკვივალენტური“, - განაცხადა "კომერსანტის" თანახმად, ტარასოვმა.

არსებული ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Bloomberg-ს უთხრა, რომ რუსულ მხარეს არ სურდა პოლ უილანის გაცვლაზე მსჯელობა, ამიტომ ჯო ბაიდენს მოუწია არჩევანის გაკეთება გრაინერის დაბრუნებასა და მოლაპარაკების ჩაშლას შორის. გაცვლის შემდეგ საგანგებო მიმართვაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ ჰქონდა არჩევანი, ვინ დაებრუნებინა. „რუსეთი სხვანაირად უყურებს პოლის საქმეს“, - დასძინა პრეზიდენტმა.

პოლ უილანი 2018 წელს მოსკოვში დააკავეს და ჯაშუშობისთვის 16 წელი მიუსაჯეს. გამომძიებლების თქმით, საზღვაო კორპუსის ყოფილი სერჟანტი უილანი, როგორც კარიერული დაზვერვის ოფიცერი, აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას რუსეთში მოგზაურობის დროს და ასევე ცდილობდა რუსეთის უშიშროების სამსახურის, FSB-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გადაბირებას.

XS
SM
MD
LG