Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი ითხოვს მეტ პატრიოტულ ფილმს, რუსი ჯარის გმირობასა და ევროპის დაცემაზე


რუსეთს სჭირდება ფილმები იმაზე, თუ როგორ ინგრევა ევროპა და რა “გმირობებს” სჩადიან რუსი ჯარისკაცები უკრაინაში. ასე გადაწყვიტა კულტურის სამინისტრომ და კინოინდუსტრიას ამისთვის 12 მილიარდი რუბლი (500 მილიონი ლარი) გამოუყო.

რუს რეჟისორებს ჰპირდებიან დაფინანსებას, თუკი ისინი გადაიღებენ კინოს “რუსეთის სამშვიდობო მისიაზე”, “ანგლოსაქსების ნეოკოლონიალურ პოლიტიკასა” და “ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობაზე”. კულტურის სამინისტრო 2023 წელს 17 პრიორიტეტულ თემას ირჩევს.

“აუცილებლად მიგვაჩნია, აქცენტი გავაკეთოთ ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობებსა და ნაციზმის თანამედროვე გამოვლენებებთან დაპირისპირებაზე…” - თქვა რუსეთის კულტურის მინისტრმა, ოლგა ლუბიმოვამ და დაამატა, რომ გვერდს ვერც რუსი ჯარისკაცების “გმირობასა და თავგანწირვას” აუვლიან.

პრიორიტეტული თემების ნაწილს ვლადიმირ პუტინი ხშირად ახსენებს. განსაკუთრებით, ტრადიციული ღირებულებების დაცვას და “ანგლოსაქსების კოლონიალიზმს”. კოლექტიური დასავლეთის დანაშაულებებზე საუბარი რუსეთის პრეზიდენტს ყირიმის ანექსიის შემდეგ “შეუყვარდა”. ისევე, როგორც ნაციზმთან ბრძოლაზე.

24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის მოტივად მან სწორედ უკრაინის “დენაციფიკაცია“ დაასახელა. 30 სექტემბერს კი, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას აანონსებდა, თქვა, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთში ზნეობრივ განადგურებას.

“განა გვინდა, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში, რუსეთში, დედ-მამის ნაცვლად, გვყავდეს “მშობელი ნომერი ერთი”, “ნომერი ორი”, ნომერი სამი“ - სულ გარეკეს მანდ?” - იკითხა პუტინმა.

პატრიოტული კინო

პუტინის გაპრეზიდენტებიდან მალევე, კრემლი კინოს დაფინანსებით დაინტერესდა. ამისთვის 2004 წელს შეიქმნა “პატრიოტული კინოს მხარდაჭერის ფონდი”. 6 წელიწადში მას დაემატა მეორე სტრუქტურა, “კინოს ფონდი”. გაიზარდა ინდუსტრიის დაფინანსებაც. მაგალითად, 2009 წელს, კრემლმა კინოზე 3 მილიარდ რუბლზე მეტი დახარჯა, 2010 წლიდან კი ინდუსტრიას წელიწადში 5-6 მილიარდ რუბლს აძლევს.

რუსმა ჟურნალისტებმა გამოიანგარიშეს, რომ 2010-19 წლებში სახელმწიფომ 160 ფილმი დააფინანსა. მათგან 141 წამგებიანი გამოდგა.

მაგრამ კრემლის დაფინანსებულ ფილმებს შორის, რამდენიმე რუსეთში ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაშია.

მათ შორისაა სპორტული დრამა, “დვიჟენიე ვვერხ” (მოძრაობა ზემოთ), რომელიც ჰყვება სსრკ-ის საკალთბურთო ნაკრების გამარჯვებაზე 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე. ფინალში მათ აშშ-ის ნაკრები დაამარცხეს.

რუსების გარდა, ნაკრებში თამაშობდნენ ქართველი, ბელარუსი, უკრაინელი, ლიეტუველი და ყაზახი კალათბურთელები. სცენარის მიხედვით, მათ აქვთ უთანხმოებები, თუმცა ფილმის ბოლოს საერთო მიზანი - ამერიკელების დამარცხება აერთიანებთ.

კრემლის დაფინანსებულ ფილმებს ბევრი მსგავსება აქვთ. ისინი ხშირად ჰყვებიან ისტორიულ მოვლენაზე, ან ისტორიულ პიროვნებაზე. მთავარ გმირებს კი უწევთ გადალახონ დაბრკოლებები, რომლებიც გაბუქებულია.

“ჩვენ და ისინი”

რუსი კინოკრიტიკოსი ეფიმ გუგნინი ამბობს, რომ პატრიოტული კინოს ამოცანაა, რუსეთის მოსახლეობამ იაზროვნოს დიქოტომიით “ჩვენ და ისინი”, ანუ რუსები თავისიანებად აღიქვას და სხვა ქვეყნის მოსახლეობა უცხოებად. გარდა ამისა, ფილმები ხშირად ამართლებს სახელმწიფოს სისტემურ ნაკლოვანებებს, ცალკეული ჩინოსნების შეცდომებით.

“აუცილებლად, თუკი კინო სპორტულია, უნდა იყოს ნეგატიური პერსონაჟი სახელმწიფო აპარატიდან. ანუ კი, ხელისუფლების წარმომადგენელიც შეიძლება ცუდი ტიპი იყოს, მაგრამ არა თავად ხელისუფლებაო”, - უთხრა გუგნინმა ბელარუსულ გამოცემა “ვოტ ტაკს”.

რუსეთის კულტურის სამინისტრო კინოპრიორიტეტების სიას ათ წელიწადზე მეტია აქვეყნებს და მათ გამუდმებით არგებს პოლიტიკურ დღის წესრიგს. მაგალითად, ყირიმის ანექსიის მომდევნო, 2015 წელს, სიაში იყო: “ყირიმი და უკრაინა რუსული სახელმწიფოს ათასწლიან ისტორიაში”.

თუმცა გაისად კრემლი მხატვრულ კინოს აღარ დასჯერდება. უახლოეს მომავალში, კულტურის სამინისტრო აპირებს, უკრაინაში მიმდინარე ომზე დოკუმენტური ფილმებიც გადაიღოს და კინოთეატრებში აჩვენოს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG