Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლო დაწყება გააპროტესტეს


9 დეკემბერი. სოფელი ლაფანყური.
9 დეკემბერი. სოფელი ლაფანყური.

9 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის შესასვლელში. ჰესის „ლოპოტა 1“-ს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს სოფელში მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკის (2 ტრაქტორი და „კამაზის" ფირმის 3 თვითმცლელი) შეყვანა სურდათ, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევდა ადგილობრივი მოსახლეობა. მათ გზა ჰქონდათ გადაკეტილი.

სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ, სოფლის შესასვლელში კომპანიის ტექნიკა იმ პირობით განათავსეს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების დასრულებამდე სამშენებლო მოედნამდე არ მიიყვანენ.

ლაფანყურის შესასვლელში ადგილობრივებმა კარავი დადგეს და დაშლას არ აპირებენ.

9 დეკემბერი. სოფელი ლაფანყური.
9 დეკემბერი. სოფელი ლაფანყური.

ადგილობრივების ნაწილის თქმით, "ხეობაში მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან არის ღვარცოფული, უამინდობის დროს წყლის მილებში გატარება ვერ მოხდება და სოფელს წალეკავს".

ლაფანყურელები შიშობენ, რომ დარჩებიან სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე.

"ამ სოფელში ერთადერთი, რაც გვაქვს ეს არის სუფთა ჰაერი და წყალი. ვიცით, რომ ამ ჰესის მშენებლობის შემდეგ სასმელი და სარწყავი წყალი შეგვიწყდება. კომპანია ამბობს, ასე არ იქნებაო, მაგრამ არ გვჯერა", - თქვა ადგილობრივმა დურმიშხან პეტრიაშვილმა.

ლაფანყურში მცირე ჰიდროელექტროსადგურის, „ლოპოტა 1“-ის მშენებლობის ნებართვა ქართულ-იტალიურ კომპანია „ართანა ლოპოტას“ 2018 წელს აქვს მიღებული, თუმცა, პროტესტის გამო 4 წელია, სამუშაოები ვერ იწყება.

პროექტის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 5,9 მეგავატი იქნება.

9 დეკემბერი. სოფელი ლაფანყური.
9 დეკემბერი. სოფელი ლაფანყური.

სოფელ ლაფანყურში იმყოფება კომპანია „ართანა ლოპოტის“ ხელმძღვანელი, ბიძინა იმნაძემ ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა რაიმე საფრთხეს არ უკავშირდება და ეს პროექტში დოკუმენტურად არის დადასტურებული.

"ჩვენ აქ ვიქნებით. სახელმწიფოს ნებართვა აქვს გაცემული ამ ჰესის მშენებლობაზე და, სავარაუდოდ, ის უზრუნველყოფს ჩვენ შესვლას ჩვენივე ტერიტორიაზე. სოფელში არაფერს ვაშენებთ და ბევრჯერ ავუხსენით, რომ არაფერი არ ზიანდება. ყველანაირი დოკუმენტი გვაქვს, რომელიც სამინისტროშია გაგზავნილი, თუმცა ამათ არ სჯერათ. კომუნიკაცია რეალურად არ დგება. ჩვენ ჩვენსას ვამბობთ და ისინი გვეუბნებიან, რომ ტყუილს ვლაპარაკობთ“, - განაცხადა ბიძინა იმნაძემ.

9 დეკემბერი. სოფელი ლაფანყური.
9 დეკემბერი. სოფელი ლაფანყური.

ლაფანყურელების ნაწილი ამბობს, რომ დაშლას არ აპირებენ, სანამ კომპანიის წარმომადგენლები ტერიტორიიდან ტრაქტორებსა და თვითმცლელებს არ გაიყვანენ. „ლოპოტა 1“ ჰესის აშენება სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG