Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "ყველამ უნდა აგოს პასუხი ვლადიმირ პუტინის ჩათვლით"


ჯეიმს კლევერლი
ჯეიმს კლევერლი

ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. მისი სიტყვებით, აუცილებელია, მთელს მსოფლიოს ეუწყოს აზრი, რომ აგრესია მოგებას ვერ მოუტანს აგრესორს.

„პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, ეს ეხებათ ფრონტზე ჯარისკაცებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ და დანარჩენებს სულ კენწერომდე. ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით,“ თქვა კლევერლიმ.

BBC-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ლონდონმა მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მაგრამ ის არ გამორიცხავს სხვა მექანიზმებს და გადაწყვეტილი აქვს, უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განსაზღვროს ყველაზე ეფექტიანი სისტემა სამხედრო დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად.

ამასთან, კლევერლის თქმით, ნატო არ ემუქრება და არ დაემუქრება რუსეთს, ვინაიდან ის თავდაცვითი კავშირია ყველა წევრი ქვეყნისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ომში ალიანსის ჩათრევის შესახებ მსჯელობა სწორედ ვლადიმირ პუტინის გამოსვლებში ისმის.

„არ არსებობს კონფლიქტში ნატოს ჩათრევის არავითარი შინაგანი აუცილებლობა და, ფაქტობრივად, სწორედ იმის მიღწევას ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს,“ თქვა კლევერლიმ.

კიდევ ერთ ინტერვიუში, რომელიც ბრიტანელმა მინისტრმა Sky News-ს მისცა, მან განაცხადა, რომ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ვლადიმირ პუტინს მართლაც სურს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება.

მისი სიტყვებით, არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება თამაშობდეს „ლეღვის ფოთლის“ როლს რუსეთის არმიის ხელახლა აღჭურვისთვის. ხოლო ომის დასრულების თაობაზე ნებისმიერი მოლაპარაკებების პარამეტრებს უკრაინა უნდა იძლეოდეს, როცა ის ამას შესაძლებლად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG