Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა პუტინს მოუწოდა, დაასრულოს უკრაინაში ომი


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა კვირას სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მან პუტინს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინაში, ასევე გადაჭრას ქურთების პრობლემა სირიაში.

მოლაპარაკებებზე განიხილეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ასევე რეგიონული პრობლემებს, მათ შორის მარცვლეულის დერეფნისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები, იტყობინება კრემლის პრესსამსახური.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ანგარიშების თანახმად, სატელეფონო საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს, გაუქმდეს დაბრკოლებები რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების მისაძოდებლად ღარიბი ქვეყნებისთვის.

როგორც თურქეთის საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ იტყობინება, ერდოანმა თქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ღატაკ ქვეყნებს უკვე მიეწოდათ 13 მილიონი ტონა მარცვლეული. მისი სიტყვებით, უკვე შეიძლება მუშაობის დაწყება მარცვლეულის დერეფნით კვების სხვა პროდუქტების ექსპორტზე და ნელ-ნელა - სხვა საქონელზეც.

გარდა ამისა, ერდოანმა პუტინს უხრა, რომ 2019 წლის სოჭის შეთანხმებით, „კატეგორიულად აუცილებელია“ თურქეთ-სირიის საზღვრის გაწმენდა ქვეყანაში აკრძალული 'ქურთისტანის მუშათა პარტიისგან' არანაკლებ 30 კილომეტრის სიღრმეში.

როგორც AFP იტყობინება, ერდოანი რუსეთს - სირიის კონფლიქტის საკვანძო მოთამაშეს - ადანაშაულებს ამ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში.

ასევე იტყობინებიან, რომ მხარეებმა ისაუბრეს თურქეთში გაზის რეგიონული საკვანძო ცენტრის შექმნაზე. ახლახან ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთში იმყოფებოდა „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, რომელიც ასევე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს.

XS
SM
MD
LG