Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილებები ჩამოერთვა კორუფციის თაობაზე გამოძიების გამო


ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევა კაილი
ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევა კაილი

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ევა კაილის უფლებამოსილებები ჩამოერთვა ბელგიაში კორუფციის თაობაზე მიმდინარე გამოძიებასთან მისი კავშირის გამო. კაილი, რომელიც საბერძნეთს წარმოადგენს, მექრთამეობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს ბელგიაში 9 დეკემბერს რამდენიმე სხვა ეჭვმიტანილთან ერთად.

ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ, „გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა ყველა უფლებამოსილება, მოვალეობა და ამოცანა, რაც დაკისრებული ჰქონდა ევა კაილის, როგორც ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს,“ განაცხადა ევროპარლამენტის პრესსპიკერმა.

პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვირას შედგება შეხვედრა, რომელზეც გადაწყდება, ხუთი ეჭვმიტანილი, მათ შორის კაილი, წინასწარ პატიმრობაში დატოვონ თუ არა.

როგორც მედია იტყობინება, კაილი და სხვა დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.

ჩხრეკის სერიის განმავლობაში პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო, წერს გამოცემა Politico.

საბერძნეთის პრესამ უკვე გამოაქვეყნა პარტია PASOK-ის განცხადება კორუფციაში ბრალდების გამო კაილის პარტიიდან გარიცხვის შესახებ. მანამდე, კატარის შრომის მინისტრთან შეხვედრაზე, ევა კაილიმ კატარს უწოდა "მოწინავე ქვეყანა მშრომელთა უფლებების თვალსაზრისით", მიუხედავად საერთაშორისო ინსტანციების არაერთი განცხადებისა კატარში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისას მუშების უფლებების დარღვევის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG