Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ მქონია განცდა, რომ სამეული დიფერენცირებულია" - დარჩიაშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის" შესახებ


ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში” მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების შემდეგ მინისტრმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ საინტერესო დისკუსია გამოვიდა. ის დადებითად ახასიათებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის" მექანიზმს.

„როგორც ცნობილია, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებთან ერთად, ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს, გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო დისკუსიაში მონაწილეობა. ვფიქრობ, ძალიან დროული და აუცილებელი მინისტერიალი იყო, რადგან მოგვეცა ყველას შესაძლებლობა იმის, რომ გამოგვეხატა საკუთარი აზრი: როგორ ვხედავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალს და მომავალში რა შეუძლია „აღმოსავლეთ პარტნიორობას", როგორც პლატფორმას, წევრ ქვეყნებს მოუტანოს მომავალში. ჩვენი პერსპექტივიდან მინდა გითხრათ, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამომეხატა ჩვენი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება „აღმოსავლეთ პარტნიორობის", როგორც პლატფორმისა და შესაძლებლობის მიმართ, რადგან ის პოზიტიური შედეგები, რაც საქართველომ მიიღო წლების განმავლობაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის", როგორც მექანიზმის დამსახურებაა. ჩვენი პოზიცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მისამართით არის ძალიან პოზიტიური. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ, თუკი იქნება საერთო ხედვა ამ პლატფორმის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობის შემოტანის შიგნით, ჩვენ, საქართველო, ვიქნებით ამის ნაწილი, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა და დაამატა, - თუმცა აქ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ გვაქვს ორმხრივი მთავარი ფორმატი ევროკავშირთან, რომელიც არის მთავარი ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. ამის პარალელურად, ნებისმიერი პლატფორმა, ეს იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობა" თუ ნებისმიერი სხვა ახალი მექანიზმი, რომელიც ჩვენ გაგვაძლიერებს და დაგვაჩქარებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენთვის არის მისასალმებელი და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. მინდა ვთქვა, რომ განხილვების დროს მსგავსი პოზიციები იყო გამოხატული. მე არ მომისმენია საპირისპირო აზრი, რატომ არ შეიძლება, შევინარჩუნოთ ეს შესაძლებლობა, ეს სივრცე, სადაც აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ექნებათ თანამშრომლობის და კოორდინაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად“.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილაპარაკა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ დამოკიდებულების შესახებ. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიღებული აქვს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, მე არ მქონია იმის განცდა, რომ სამეული დიფერენცირებულია. ეს განწყობა მოდის ჩვენი კოლეგებისგან. მათი განცდა არის, რომ საქართველო ნაწილია ამის, სამეული აგრძელებს განვითარებას. ის არის პერსპექტიული ქვეყნების განვითარება, რომლებმაც მომავალში უნდა გადადგან ახალი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - თქვა მან.

მინისტრმა, ასევე, ილაპარაკა ევროკავშირის 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე. „მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა ჩვენს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, რომელიც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, იმ ხელშესახებ შედეგებს, რომლებიც უკვე გვაქვს დადებული და მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც იცით, საქართველო ნაწილია გაფართოების პაკეტის. ჩვენ სხვა სივრცეში, სხვა განზომილებაში არ ვართ და ეს განწყობა იყო ცალსახა, რადგან საქართველო არ არის დიფერენცირებული, საქართველო ნაწილია გაფართოების. ჩვენ მოხარული ვართ, რომ სწორედ ეს განწყობა მივიღეთ პარტნიორებისგან".

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში” მონაწილეობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეპ ბორელი, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევრონესტის თანათავმჯდომარეები.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

XS
SM
MD
LG