Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ადგილობრივი მცხოვრებია გატაცებული ჩეჩნეთის ურუს-მარტანის რაიონში 500-კაციანი დანაყოფის შესვლის შემდეგ


 სახელმწიფო ავტოინსპექციის რეიდი გროზნოში
სახელმწიფო ავტოინსპექციის რეიდი გროზნოში

ჩეჩნეთის ურუს-მარტანის რაიონში 11 დეკემბრის საღამოდან ტარდება მასშტაბური რეიდი, რომელიც მიზნად ისახავს მასობრივ ჩხუბსა და სროლაში მონაწილეთა მოძიებას და დაკავებას. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, კონფლიქტი სწორედ სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების ძალებისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის წარმომადგენლებს შორის მოხდა. რამდენიმე წყაროს ცნობით, სამართალდამცველების 500-კაციანი რაზმი მონაწილეობს რეიდში, რომლის დროსაც ათობით ადგილობრივი მცხოვრებია გატაცებული.

სახელმწიფო ტელეარხ „გროზნოს“ თანახმად, სამართალდამცველები ათვალიერებენ მანქანებს და ამოწმებენ მძღოლების პირადობის მოწმობებს. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მედია და სამართალდამცველი ორგანოების მაღალჩინოსნები, მათ შორის ახმატ კადიროვის პოლიციის პოლკის მეთაური ზამიდ ჩალაევი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის რეგიონული სამმართველოს უფროსი იდრის ჩერხიგოვი.

ჩალაევმა ადგილობრივებს ჩეჩნურ ენაზე მიმართა და დაიმუქრა, რომ თავბედს აწყევლინებს ნებისმიერ, ვინც „თუნდაც ერთ გადაბრუნებულ სიტყვას იტყვის რომელიმე თანამშრომელზე“. მანამდე რამზან კადიროვი უკრაინის ომში გაგზავნით დაემუქრა იმ ადგილობრივებს, ვინც კონფლიქტში აღმოჩნდება გარეული.

ინციდენტი 11 დეკემბრის საღამოს მოხდა. ტელეგრამის არხ SKFO Times-ის ცნობით, სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების ძალების თანამშრომელმა სილა გააწნა ავტოსაგზაო პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც ფეხებთან ახლოს მიწაში სროლა ატეხა. Baza-ს თანახმად, ჩხუბი „ძველი წყენის“ გამო მოხდა. ჩხუბის მოთავე რუსეთის გვარდიის წარმომადგენელი დაკავებული უნდა იყოს.

  • 21 ნოემბერს 19 წლის მოვსარ ზაკრიევმა გროზნოს ცენტრში, ერთ-ერთ მეჩეთში, ნამაზის დროს ჯერ საგზაო პოლიციის ინსპექტორი ჯაბრაილ ჯამალოვი მოკლა, შემდეგ მსხვერპლის იარაღს დაავლო ხელი, ქუჩაში გავიდა და ცეცხლი გაუხსნა ორ სამართალდამცველს.
  • ზაკრიევი, რომელიც მიმალვას ცდილობდა, საპასუხო ცეცხლით მოკლეს. იგი უმალვე გამოაცხადეს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თანამგრძნობად. სამართალდამცველებმა მასშტაბური რეიდი განახორციელეს ზაკრიევის მშობლიურ სოფელ ალდიში და მასობრივად დააკავეს თავდამსხმელის ნათესავები.
XS
SM
MD
LG