Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უახლოეს კვირებში უნდა გადაწყდეს ზაპოროჟიედან მძიმე შეიარაღების გატანა“ - ემანუელ მაკრონი


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

„ჩვენ შევძელით ჩერნობილის დაცვა და ჩვენს მიზანს წარმოადგენს ზაპორჟიეს დაცვა. ამ მხრივ უახლოესი კვირები გადამწყვეტი უნდა გახდეს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. სააგენტო Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ მაკრონმა ისაუბრა 13 დეკემბერს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან მძიმე შეიარაღების გატანასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების კომენტირებისას.

პარიზში 13 დეკემბერს იმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც რუსეთის იერიშების ფონზე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისათვის გადაუდებელ დახმარებაზე მსჯელობენ.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ თქვა, რომ IAEA თანახმაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური მისიები გაგზავნოს უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე. "ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შემოღებაზე მუშაობა გრძელდება", - დაწერა მან ტვიტერში.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, საგანგებო ყურადღების ცენტრშია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ელექტროსადგური მარტის დამდეგს ჩაიგდეს ხელში რუსეთის ჯარებმა. მას უკრაინის პერსონალი მართავს. სადგური ახლოსაა ფრონტის ხაზთან და მისთვის არაერთხელ დაუშენიათ ცეცხლი. აესი სერიოზულად არ დაზიანებულა, მაგრამ კვლავაც იწვევს ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობის შიშს.

კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ ელექტროსადგურის დაბომბვაში. გროსი აგვისტოში ხელმძღვანელობდა IAEA-ის მისიას, რომელმაც ელექტროსადგური მოინახულა.

XS
SM
MD
LG