საქართველოში მყოფი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ორბელიანების სასახლეში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, პრეზიდენტი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ახლო მომავალში შედგება.
„აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს", - ნათქვამია პრესრელიზში.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის კიდევ უფრო მყარ საფუძველს ქმნის.
აზერბაიჯანის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა სწორედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემას ემყარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.
აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით არსებული უდიდესი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება.
24 ოქტომბერს საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტს განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.