Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეგაძე: პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის ერთ წელში 200 000 ლარამდეა დახარჯული


რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი
რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სახელმწიფომ, დაახლოებით, 200 000 ლარამდე დახარჯა ერთი წლის განმავლობაში. ამის შესახებ მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, "ქართული ოცნების" დეპუტატ რიმა ბერაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

"დაახლოებით, [მიხეილ სააკაშვილისთვის] 200 000 ლარამდეა დახარჯული ერთი წლის განმავლობაში და ერთი პატიმრის შენახვაზე, წელიწადში, დაახლოებით 17 400 ლარი იხარჯება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ, თუმცა მას არ დაუზუსტებია რამდენი ლარი უჯდება სახელმწიფოს სამედიცინო საჭიროებების მქონე პატიმრის შენახვა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

XS
SM
MD
LG