ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის ბოლო სართულზე განთავსებულ რესტორან "ვოქსში" ხანძარი გაჩნდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, კორპუსში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, 282 ადამიანი ცხოვრობს. მისი თქმით, კორპუსის ბინადართაგან არავინ დაშავებულა.
"მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული რესტორანი ბოლო დროს არ ფუნქციონირებდა," - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება, რომ ბათუმში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში", ხანძარი ლოკალიზებულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე განთავსებულ რესტორან "ვოქსში" ხანძარი ღამის 12 საათისთვის გაჩნდა.