Accessibility links

სემინარი სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სასტუმროების პერსონალისთვის


სასტუმრო "ლეოგრანდი"

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში სასტუმრო სექტორის პერსონალის გადამზადება დაიწყო. თავდაპირველად ტრენინგი ჩაუტარდათ რეგიონში მოქმედი მსხვილი სასტუმროების მენეჯერებს.

please wait

No media source currently available

0:00 0:04:35 0:00
Direct link

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა განაცხადა, ჯერ შეარჩიეს რეგიონში მოქმედი 80-მდე სასტუმრო, სადაც ყველაზე მეტი დამსვენებლის განთავსებაა შესაძლებელი, მეორე ეტაპზე კი, მისივე თქმით, 120-მდე მცირე ზომის სასტუმროს პერსონალი გადამზადდება:

სასტუმროები: „სანაპირო“, „შერატონი“, „სპუტნიკი“, „ლეპორტი“, „როიალ პალასი“ და „კოლიზეუმი“, უმეტესწილად, დეტალურადაა შემოწმებული. ხარვეზების შესასწორებლად მათ გარკვეული ვადები აქვთ მიცემული და ამის შემდეგ მოხდება მათი საკონტროლო შემოწმება...
ირაკლი თოიძე

„სახანძრო უსაფრთხოება მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო რეგიონისთვის. განთავსების ობიექტებში უსაფრთხოების საკითხები უპირველესია და ამიტომ გადავწყვიტეთ მენეჯერებისთვის, ტექნიკური პერსონალისა და ჩვეულებრივი თანამშრომლებისთვის როგორც თეორიული ცოდნა მიგვეწოდებინა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენაზე გვემუშავა. ასევე გავაცნობთ იმ კანონმდებლობას, რომელიც სახელმწიფოში არსებობს“.

სახელმწიფოში არ არსებობს ბევრი რეგულაცია სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ქვეყანაში უკვე არსებული სახანძრო რეგლამენტის თანმიმდევრული შესრულებით შესაძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნა, - განაცხადა ტრენინგზე მოწვეულმა სპეციალისტმა, ფარნავაზ დვალმა. მისივე თქმით, პრობლემაა უკვე არსებული წესების აღსრულება. ამასთანავე, ის ფიქრობს, რომ თავად სასტუმროს მფლობელებმა უნდა გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა მათი ბიზნესის განვითარებისთვის:

„მოქმედ სახანძრო რეგლამენტს თუ დავიცავთ, ის იმუშავებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არსებულის დაცვაც და შემდეგ დაცვის კონტროლიც არ ხდება. მიმაჩნია, რომ თვითონ მეპატრონეს უნდა ჰქონდეს მოტივაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო არ ამოწმებს, გააზრებული უნდა ჰქონდეს ის რისკი, რის წინაშეც დგას, და თვითონ ჰქონდეს შინაგანი მოტივაცია, რომ ჰქონდეს მაღალ დონეზე გაკეთებული. არ ვთვლი, რომ სახელმწიფომ უნდა მიგითითოს, როდესაც ხედავ რამხელა რისკის ქვეშ აყენებ საკუთარ ბიზნესს“.

სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა რომ სავალდებულოა, ამაზე ტრენინგში მონაწილე ყველა მსხვილი სასტუმროს მენეჯერი თანხმდება. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ ბიზნესისთვის ეს, მართალია, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების წესები მათ განთავსების ობიექტებში დაცულია.

„სახანძრო უსაფრთხოება როგორც ადრე, დღესაც ისევე დგას მოწინავე საკითხად დღის წესრიგში, ამიტომ ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნა და დამატებით გაძლიერებული კანონმდებლობის მოთხოვნა აუცილებლად იქნება სასტუმროს ბიუჯეტში გათვალისწინებული“, - ამბობს სასტუმრო „კასტელო მარეს“ გენერალური მენეჯერი მარიამ კედელაძე.

კერძო სექტორს სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, დამატებით ახალი რეგულაციები უნდა შესთავაზოს, იმიტომ რომ არასდროს არ არის ცუდი უსაფრხთო და ზედმეტად უსაფრთხო გარემო...
გოჩა გოგიბერიძე

სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დამატებითი წესების შემოღების მომხრეა სასტუმრო „რედისონ ბლუს“ უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა გოგიბერიძე:

„კერძო სექტორს სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, დამატებით ახალი რეგულაციები უნდა შესთავაზოს, იმიტომ რომ არასდროს არ არის ცუდი უსაფრხთო და ზედმეტად უსაფრთხო გარემო“.

სახანძრო უსაფრთხოების წესებს სასტუმროებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამოწმებს. პრემიერ-მინისტრის #41 დადგენილებით, რომელიც 2015 წელს შევიდა ძალაში, სამსახურს ევალება მხოლოდ იმ სასტუმროს შემოწმება, რომელშიც მხოლოდ 100-ზე მეტი სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. ამის გამო სამსახური მხოლოდ მსხვილ სასტუმროებს ამოწმებს და პირველ ეტაპზე 200, შემდეგ კი 300 ლარით აჯარიმებს. როგორც აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი ირაკლი თოიძე ამბობს, ბოლო დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის რეგიონში 6 სასტუმრო დაჯარიმდა, მათ შორის - ე. წ. „ბრენდულიც“:

„სასტუმროები: „სანაპირო“, „შერატონი“, „სპუტნიკი“, „ლეპორტი“, „როიალ პალასი“ და „კოლიზეუმი“, უმეტესწილად, დეტალურადაა შემოწმებული. ხარვეზების შესასწორებლად მათ გარკვეული ვადები აქვთ მიცემული და ამის შემდეგ მოხდება მათი საკონტროლო შემოწმება“, - ამბობს ირაკლი თოიძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი.

სასტუმროებსა და განთავსების ობიექტებში უსაფრთხოების კონტროლი მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ტრაგიკულ შემთხვევას სასტუმრო „ლეოგრანდში“, სადაც ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა:

სასტუმრო "ლეოგრანდი"
სასტუმრო "ლეოგრანდი"

„როცა ჩვენ წელს ველოდებით 8 მილიონ ტურისტს, როცა არის ძალიან დიდი განაცხადი ახალი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობებზე, როცა საუბარია მოცულობით ინვესტიციებზე, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება უსაფრთხოება. უსაფრთხოების ზომები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლი. რაც შეეხება ახალ მშენებლობებს, იქ რეგულაცია უკვე ავალდებულებს სახანძრო უსაფრთხოების არსებობას, ხოლო არსებულ სასტუმროებთან საჭიროა მეტი ჩართულობა, კომუნიკაცია, პრევენცია და, რა თქმა უნდა, მეტი კონტროლი“.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს აქვს ცხრა დირექტივა, რომელიც შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს ეხება, აღნიშნული ვალდებულების შესრულება კი 2019 წლისთვის აუცილებელია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG