ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის ბოლო სართულზე განთავსებულ რესტორან "ვოქსში" ხანძარი გაჩნდა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
შენობაში იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, კორპუსში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, 282 ადამიანი ცხოვრობს. მისი თქმით, კორპუსის ბინადართა შორის დაშავებულები არ არიან.
"მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. დაწყებულია გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული რესტორანი ბოლო დროს არ ფუნქციონირებდა," - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
შემთხვევის ადგილიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, რომ ხანძრის ალმა თანდათან იკლო.
ადგილზე სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.