Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსი პირველად ასცდა 69 რუბლის ნიშნულს


მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსი სამშაბათს პირველად ასცდა 69 რუბლის ნიშნულს. ევრო 74 რუბლამდე გაიზარდა. RBC-ს მიერ გამოკითხული ექსპერტების თანახმად, ვალუტების მკვეთრი ზრდა გამოწვეულია „გეოპოლიტიკური რისკებით“ და ნედლეულის აქტივების ფასების ვარდნით.

მანამდე „დიდი შვიდეული“ და ავსტრალია შეთანხმდნენ ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი 60 დოლარით შემოიფარგლოს. უფრო ადრე ასეთივე ზედა ზღვარი დააწესა ევროკავშირმა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს ზომებზე, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს, უარი თქვას ნავთობის ექსპორტზე ქვეყნებში, რომლებმაც რუსეთის ნავთობს ზღვრული ფასები დაუწესეს.

როგორც Forbes-ი იტყობინება, დეკემბრის დამდეგს რუსეთის ნავთობ Urals-ზე კონტრაქტების ფასი ბარელისთვის 45 დოლარამდე დაეცა. ამასთან, ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში მისი საშუალო ფასი ბარელისთვის 70,6 დოლარი იყო.

გამოკითხულმა ჟურნალისტებმა და ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვალუტების კურსის ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს მომავალი ხანგრძლივი არდადეგებით, როცა საშობაო პაუზა იქნება აშშ-სა და ევროპაში, შემდეგ კი საშობაო არდადეგები დაიწყება რუსეთში. ეს აჩენს გაზრდილ მოთხოვნას ვალუტაზე.

ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზისთვის ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები ძალაში შევა 15 თებერვალს, თუკი გაზის ფასი უდიდეს ვირტუალურ ბაზარზე, TTF-ზე, სამი დღის განმავლობაში გადააჭარბებს 180 ევროს მეგავატ-საათში. მოსკოვში ევროკავშირის გადაწყვეტილებას უწოდეს „საბაზრო პროცესების წინააღმდეგ ძალადობა“.

XS
SM
MD
LG