Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრა ფორმალური ხასიათის იქნება


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის საერთო კანდიდატებზე. ხუთი წევრის პოზიციაზე 32 კანდიდატს აქვს პარლამენტში განაცხადი შეტანილი. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მმართველი პარტია მზად იყო 32-დან 16 კანდიდატურიდან შეერჩია მისაღები კანდიდატი. მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ამ 16 კანდიდატიდან არცერთს არ უჭერს მხარს.

„არის 32 კანდიდატი წარმოდგენილი. უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, კონსულტაციის დროს განვუცხადეთ, ეს ჩვენი ოპონენტებისთვის სიურპრიზი არ იქნება, რომ ნახევარს მაინც ამ წარმოდგენილი კანდიდატებიდან მხარი დავუჭიროთ. 16-მდე კანდიდატს ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ. თუმცა არცერთს იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომლებზეც მზაობა არის ჩვენი მხრიდან, კონსენსუსი არ არის. იმიტომ რომ, როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში, მაინცდამაინც ორ კანდიდატზე არიან ჩამოყალიბებული და იმის იქით არავის მხარდაჭერას აპირებენ. აქაც ირკვევა, რომ არცერთზე, მათი მხარდაჭერილი კანდიდატის გარდა, ისინი არ აპირებენ საუბარს. რამდენიმე, 5-6 კანდიდატია, რომლებზეც ისინი საუბრობენ, იქაც იგივე გვარები მეორდება: აბაშიძე, ბურჯანაძე და ა.შ. ერთი გადაკვეთის წერტილიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ნახევარს მხარი დავუჭიროთ, არ აღმოჩნდა. ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ შეგნებულად ამას ულტიმატუმს. რა თქმა უნდა, მათ პასუხები ექნებათ, რომ არა, ეს არის მმართველი გუნდის მხრიდან, მაგრამ ომბუდსმენის შემთხვევაში, სადაც ერთი ადამიანია ასარჩევი, ვთავაზობთ, რომ ხუთიდან აირჩიონ ერთი, მეორე შემთხვევაში [იუსტიციის საბჭოს] ნახევრიდან ანუ 16-მდე კანდიდატიდან - ერთი. ამ შემთხვევაში მათი მხრიდან კონსენსუსისთვის რესურსი არ აღმოჩნდა", - თქვა მამუკა მდინარაძემ. როგორც ის აღნიშნავს, ამ საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდება.

დეპუტატის განცხადებით, 23 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთა კენჭისყრას ფორმალური ხასიათი ექნება და საპარლამენტო უმრავლესობა არცერთ მათგანს მხარს არ დაუჭერს. საბჭოს წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება, საპარლამენტო უმრავლესობა კი („ქართული ოცნება", „ხალხის ძალა") 84 დეპუტატს აერთიანებს.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 9 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები დაასახელა:

  • ლიკა საჯაია - "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" პროფესორი;
  • ანა აბაშიძე - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი;
  • დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი;
  • სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი ("ღია სივრცე კავკასია"), საიას ყოფილი თავმჯდომარე;
  • გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთ არამოსამართლე წევრს (ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს) უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, ეს თანამდებობები ვაკანტურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG