ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 93 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რუსეთში ელჩად ლინ ტრეისის დანიშვნას. კენჭისყრა 21 დეკემბერს ჩატარდა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლინ ტრეისის კანდიდატურა 20 სექტემბერს წარადგინა. წინა ელჩს, ჯონ სალივანს, უფლებამოსილების ვადა 4 სექტემბერს ამოეწურა.
ლინ ტრეისი 2019 წლის იანვრიდან დღემდე იყო აშშ-ის ელჩი სომხეთში. მანამდე, სხვადასხვა დროს, ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობდა თურქმენეთში, ყაზახეთში, პაკისტანსა და ავღანეთში. 2001-2002 წლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში კოორდინაციას უწევდა საქართველოს საკითხებს.
2014-2017 წლებში ლინ ტრეისი იყო რუსეთში აშშ-ის ელჩის მოადგილე. გამოცდილი დიპლომატი პირველი ქალია, რომელიც ვაშინგტონმა მოსკოვში ელჩად დანიშნა. ლინ ტრეისი მუშაობას შეუდგება უკრაინაში ომის გამო აშშ-სა და რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბობ მენენდესის განცხადებით, ლინ ტრეისის აქვს საკმარისი სიმამაცე იმისთვის, რომ საკუთარი მოვალეობები შეასრულოს მტრული მთავრობის პირობებში.
დაწერეთ კომენტარი