Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტი გეჯაძე ამბობს, რომ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდება მისი სტრატეგიის ნაწილია 


ალექსანდრე გეჯაძე
ალექსანდრე გეჯაძე

ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ სასამართლო სხდომაზე მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება, მისი სტრატეგიის ნაწილია. შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია ადვოკატთან არაერთხელ ჰქონია.

"ჰქონდა მანამდეც და მერეც კომუნიკაცია ჩემთან. მაძლევდა ხოლმე გარკვეულ ინფორმაციას. რამდენიმე თვის წინ ხდებოდა ეს და არა იმ მდგომარეობით, როგორც ახლაა ბატონი სააკაშვილი. ის მონაცემები და ინფორმაცია, რასაც მე მაძლევდა, მე არ მაძლევდა საშუალებას, გავყოლოდი სტრატეგიას, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი. იმ დროს რა ინფორმაციაც მქონდა და რა დაავადებებზეც იყო საუბარი, შალვამ იცოდა, რომ როგორც მძიმე ავადმყოფის [დაწერას] მე მხარს ვერ დავუჭერდი და უარი ვუთხარი. შალვას ჰქონდა მცდელობა, რომ იქნებ ჩემი ეგიდით ჩატარებულიყო", - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებების საპასუხოდ მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ადვოკატმა მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებით შეძლო იმ პოზიციის დაცვა, რომელიც ჰქონდა - სასამართლოს უარი ეთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი ექსპერტიზის დანიშვნაზე. ალექსანდრე გეჯაძეს კითხვებს უჩენს ის გარემოება, რომ ცენტრი "ემპათია", რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა, ამ პროცესს რამდენიმე თვე აგრძელებდა:

"სამი, ოთხი და ხუთი თვე ბუნებაში არ არსებობს. ექსპერტიზა უნდა დაიწყოს, გამოიკვლიონ პაციენტი, ჩაუტარდეს ყველა კვლევა და უნდა დამთავრდეს მაქსიმუმ ორ კვირაში, 20 დღეში. თუკი ეს ასე არ ხდება, უნდა დაირთოს განმარტებითი წერილი... ექსპერტიზის პროცესი თვეების განმავლობაში, 45 წლის სტაჟი მაქვს, მე არ გამიგია".

ექსპერტმა ასევე თქვა, რომ ადვოკატი მასთან საუბარში გამოხატავდა წუხილს ცენტრ "ემპათიის" დასკვნის ფორმატთან დაკავშირებითაც და არ იყო დარწმუნებული, "რამდენად დაიჭერდა დოკუმენტი თავს სასამართლოზე".

"მთხოვა, რომ "ემპათიის" დასკვნა მენახა, სტილისტურად და სამართლებრივად რამდენად (არა შინაარსობრივად) დალაგებული იყო, რომ ნაკლები კითხვები და საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონოდა მოსამართლეს... ველოდებოდი, რომ მოვიდოდა და სამართლებრივად დავულაგებდი ისე, რომ პროცესზე ნაკლები პრობლემა ჰქონოდა".

შეჯამების სახით, ალექსანდრე გეჯაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რატომ არ ჩაერთო მისი კომპანია, ცენტრი "ვექტორი", ამ ექსპერტიზაში:

"საექსპერტო ცენტრმა, ჩემი სახით, მაშინ ამ ექსპერტიზაზე უარი უთხრა იმიტომ, რომ ის მონაცემები, რაც მაშინ გვქონდა ხელთ, არ იძლეოდა დასკვნის დადების საშუალებას, რომ ბატონი მიხეილი არის მძიმე ავადმყოფი".

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ალექსანდრე გეჯაძის მიმართ ბრალდებები დღევანდელ, 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოთქვა მაშინ, როცა პენიტენციური სამსახური ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა.

"მე მსურდა, რომ იგი ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა, თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც ეტყვიან. ამიტომ მითხრა, შალვა, დიდი ბოდიში, წლებია, ვთანამშრომლობთ და მე არ მინდა, გავაკეთო ის, რაც გავაკეთე "ტვ პირველის" ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე - დავდე ის, რაც აწყობდა შსს-ს. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.

იმავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG