Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრემიერი რუსეთის მოქალაქე აღარ არის


ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი. სტეფანაკერტი. 2 სექტემბერი, 2022 წელი
ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი. სტეფანაკერტი. 2 სექტემბერი, 2022 წელი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულების შედეგად, რუსეთის მოქალაქე აღარ არის მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც შემოდგომაზე მთიან ყარაბაღში გადასახლდა და სეპარატისტული რესპუბლიკის პრემიერი გახდა.

პუტინმა დააკმაყოფილა პირადად ვარდანიანის თხოვნა რუსეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ. კიდევ ერთი პირი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა დატოვა, ბიზნესმენი კონსტანტინ სიდოროვია, რომელიც ბრიტანეთში მუშაობს. რუსეთის მოქალაქეობაზე უარისა და ყარაბაღში დაბრუნების გადაწყვეტილება ვარდანიანმა გამოაცხადა სექტემბერში.

აზერბაიჯანის დე იურე რეგიონში, ყარაბაღში გადასვლის მიზეზი ვარდანიანმა ისე ახსნა, რომ სურდა მხარში დასდგომოდა ადგილობრივ მცხოვრებთ, რომლებმაც, მისი სიტყვებით, ორი ომი გადაიტანეს და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან. სეპარატისტული ყარაბაღის მთავრობას ის ნოემბრის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში.

ვარდანიანი საინვესტიციო ფირმის, „ვარდანიანი, ბროიტმანი და პარტნიორების“, ხელმძღვანელი და სხვათა შორის, მოსკოვში მმართველობის სკოლის, „სკოლკოვოს“, თანადამაარსებელია. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება ერთ მილიარდ დოლარს უდრის“ და რუსეთის მილიარდერებს შორის 116-ე ადგილზეა.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო სამართლის თანახმად, აზერბაიჯანის ტერიტორიაა, სადაც ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. 1990-იანი წლების დასაწყისის ომის შემდეგ, რეგიონს და მიმდებარე, აზერბაიჯანის რამდენიმე რაიონს მართავდა სომხური მხარე. 2020 წლის შემოდგომის ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიკავა ადრე სომხური ძალების ხელში მყოფი ტერიტორია და რუსეთის შუამავლობით გამართული მოლაპარაკების შემდეგ აღიდგინა იურისდიქცია რეგიონზე, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ უღიარებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG