პეტერბურგის მუნიციპალური სათათბიროს დეპუტატმა ნიკიტა იუფეროვმა, რუსეთის გენერალურ პროკურორ იური კრასნოვს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს მიმართა, გამოიკვლიონ ვლადიმირ პუტინის გამოსვლა, რომლის დროსაც მან სიტყვა "ომი" ახსენა, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების კონტექსტში.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას პუტინმა თქვა: „ჩვენი მიზანი ამ სამხედრო კონფლიქტის მქნევარას (маховик) დატრიალება კი არა, პირიქით, ამ ომის დასრულებაა, ამას ვესწრაფვით და ვეცდებით [მომავალშიც]“.
იუფეროვი მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადება რუსული არმიის შესახებ „ყალბი ცნობების“ გავრცელების თაობაზე არსებული კანონმდებლობის დარღვევაა, რაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს და მსგავსი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია დასჯილი.
ნიკიტა იუფეროვი დეპუტატთა იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომელმაც სახელმწიფო დუმას მიმართა, უკრაინაში შეჭრის გამო პუტინის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქმის აღძვრის მოთხოვნით. მოგვიანებით თვითონ დეპუტატები დაადანაშაულეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციაში“ და თითოეული მათგანი დააჯარიმეს.
24 თებერვლის შემდეგ რუსეთში ე.წ ყალბი ცნობების გავრცელების ბრალდებით 180 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ თავის სტატისტიკაში „ყალბი ცნობების“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლის საქმეების აღრიცხვა აგვისტოდან დაიწყო. უკვე სექტემბრისთვის აღძრული იყო 149 საქმე, ოქტომბერში მათი რაოდენობა 161-მდე გაიზარდა, ნოემბერში - 171-მდე, 1 დეკემბრის მონაცემებით კი 180 საქმეა აღძრული. ამასთან, 146 ადამიანი ბრალდებულია „ფეიკებზე“, დანარჩენი 34 კი - დამატებითი ეპიზოდებისთვის. 21 საქმეა აღძრულია რუსეთის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებული სტატიებისთვის.