Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატი დათანხმდა ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის დასახმარებლად


აშშ-ის მოთხოვნით ფიჯიში დაკავებული იახტა "ამადეა", რომელიც კონფისკაციის შემდეგ უკრაინის დახმარებას მოხმარდება
აშშ-ის მოთხოვნით ფიჯიში დაკავებული იახტა "ამადეა", რომელიც კონფისკაციის შემდეგ უკრაინის დახმარებას მოხმარდება

აშშ-ის სენატმა 22 დეკემბერს ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა ფედერალური ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების უფლებას აძლევს.

შესწორებას მხარი დაუჭირა 68 სენატორმა, წინააღმდეგი იყო - 29. დოკუმენტი არეგულირებს რუსი ოლიგარქებისგან კონფისკაციის გზით მიღებული აქტივების გამოყენებას. ამოღებული თანხა ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც მას საერთაშორისო დახმარების სახით გაანაწილებს. კანონპროექტი არ აღწერს თანხების კონფისკაციის მექანიზმს, საუბარია მხოლოდ იმის დახარჯვაზე, რაც უკვე ამოღებულია.

შესწორების მომხრე სენატორმა მაიკლ ბენეტმა, რომელიც 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიღებული დოკუმენტი "სიგნალს უგზავნის პუტინს და მის ბანდას, რომ ამერიკა მხარს უჭერს უკრაინას.”

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს უკრაინის დასახმარებლად სანქცირებული რუსი ოლიგარქების ქონებისა და კომპანიების კონფისკაციის იდეას. ინიციატივის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ თანხების ამოღება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოებში, ხოლო ჩამორთმეული ფულის ამ სახით გამოყენებამ შეიძლება შეამციროს შეერთებული შტატების საინვესტიციო მიმზიდველობა.

XS
SM
MD
LG