Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

600-მდე ქალის წერილი პრეზიდენტს: არ დაუშვათ სააკაშვილის წამებაში მოკვლა


მიხეილ სააკაშვილის ჩართვა საავადმყოფოდან მისივე სასამართლო პროცესზე.
მიხეილ სააკაშვილის ჩართვა საავადმყოფოდან მისივე სასამართლო პროცესზე.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 600-მდე ქალის ხელმოწერით წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ:

„არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა. სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ“, - წერია წერილში.

ხელმომწერი ქალების მტკიცებით, მათ აერთიანებთ ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის. გადარჩენის ამოცანა.

„გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება - მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად“, - წერენ ისინი.

14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა „ვივამედში“ მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG