რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინსი საკუთარ ტვიტერზე მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს. რუსულ ენაზე დაწერილ წერილში სააკაშვილი წერს, რომ პუტინის დავალებით მოწამლეს:
„ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც ხშირად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა ნამდვილად დაადგინეს, რომ ციხეში მომწამლეს და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილურ საქმეში”, - წერია წერილში.
„თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მოკვდება მიხეილ ნიკოლოზოვიჩი“, - წერს ფეიგინსი.
14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა „ვივამედში“ მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.