Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი „ძალიან მძიმეს“ უწოდებს ბახმუტისა და კრემინას მიმართულებაზე შექმნილ ვითარებას


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წუხელ კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინელებს, რომ გამოიჩინონ ყურადღება და მზად იყვნენ რუსეთის სარაკეტო იერიშებისა და პროვოკაციებისთვის. „ამისთვის ემზადება საჰაერო-თავდაცვის სისტემა, ემზადება სახელმწიფო და მზად უნდა იყოს ყველა. ყურადღება მიაქციეთ, გთხოვთ, სირენების ხმას“, - განაცხადა ზელენსკიმ 26 დეკემბრის ღამეს, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა "რთული და მწვავე" უწოდა დონბასში არსებულ მდგომარეობას, რაც მაქსიმალურ ძალასა და კონცენტრაციას მოითხოვს.

„იქ, ბახმუტის, კრემინასა და დონბასის სხვა ტერიტორიებზე, მდგომარეობა მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს - და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია - იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ყველა დამცველს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ცდილობენ განდევნონ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიიდან.

ამ განცხადების ფონია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მორიგი ანგარიში, რომლის თანახმად, უკრაინის ცის დამცველებმა რუსეთის მიერ ირანისგან შეძენილი 250 ახალი დრონიდან 70-ი უკვე გაანადგურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG