Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „პუტინის წარგზავნილის“ შესაძლო ვიზიტს თბილისში ტყუილს უწოდებენ


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი (მარცხნივ) და სერგეი კირიენკო, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (მარჯვნივ)
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი (მარცხნივ) და სერგეი კირიენკო, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (მარჯვნივ)

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები „სისულელეს“ და „ტყუილს“ უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კირიენკოს შესაძლო არაოფიციალური ვიზიტის შესახებ.

არაერთმა წყარომ, მათ შორის ტელეგრამის არხმა სახელწოდებით «Генерал СВР»-მა გაავრცელა ცნობა, რომ „ვლადიმირ პუტინის პირადი წარგზავნილი“ საიდუმლო, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

"მსგავსი ვიზიტის მზადებაც კი მეტყველებს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული სანდოობით გამსჭვალულ ურთიერთობაზე“, - ნათქვამია ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კირიენკოს შესაძლო ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად მედიას განუცხადა, რომ "სისულელეა". პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ ეს არის „ტიპური დეზინფორმაცია".

ჩვეულებრივი ტიპური დეზინფორმაციაა, რომელიც ვრცელდება. აქ რა უნდა ვქნათ, ერთადერთი ის არის, რომ დრო გავა და ხალხი თავად დარწმუნდება, რომ ტყუილია", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, „თუ ამის პირობები შეიქმნება". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი დენის გონჩარი არ გამორიცხავს საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების განახლებას და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას, ის ასევე მიესალმება საქართველოს ხელისუფლების "პრაგმატულ ხაზს". თბილისში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების განახლებას არ გეგმავენ.

XS
SM
MD
LG