Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტიმური სახის ვიდეოების გავრცელებაზე 7 პირი დააკავეს


სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა.

"45 წლის ზ.ქ. 2022 წლის მაისში, სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ამსახველ ვიდეოებს. ასევე, თავადაც სთხოვდა მსგავსი ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ზ.ქ-მ მოპოვებული და უნებართვოდ შენახული არასრულწლოვანის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები უკანონოდ გაავრცელა. კერძოდ, გადაუგზავნა არასრულწლოვანი დაზარალებულის თანაკლასელს, რითაც ხელყო პირადი ცხოვრების საიდუმლო და სქესობრივი ხელშეუხებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 44 წლის ე.შ-მ და 36 წლის ნ.მ.-მ 2022 წლის მარტიდან სექტემბრის ჩათვლით უკანონოდ მოიპოვეს და ინახავდნენ სხვა პირის შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, რაც შანტაჟის მიზნით გაავრცელეს, კერძოდ, გადაუგზავნეს დაზარალებულის ოჯახის წევრს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანახმად, კიდევ ერთი ბრალდებულია 29 წლის ბ.ბ.

"29 წლის ბ.ბ-მ ქ. თბილისში, 2022 წლის სექტემბერში უკანონოდ მოიპოვა და უნებართვოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერს. ბრალდებული ბ. ბ. 2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში, აღნიშნული ვიდეოების გასაჯაროების მუქარით, დაზარალებულს თანხას სისტემატურად ართმევდა", - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

დანაშაულში ასევე მხილებულია 3 პირი, რომლებიც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანახმად, სხვადასხვა დროს თბილისსა და სამეგრელოში უკანონოდ იღებდნენ დაზარალებულებთან სქესობრივი აქტის ამსახველ ვიდეოებს და ინტიმური შინაარსის ფოტოებს, რომლებსაც მობილურ ტელეფონებში უკანონოდ ინახავდნენ. ასევე, მისი გავრცელების მუქარით, დაზარალებულებს ინტიმური ხასიათის ახალი ფოტოების გადაღებას და გადაგზავნას აიძულებდნენ.

დანაშაულში მხილებულ 6 პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 1 პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 141-ე მუხლით წარუდგინა.

ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG