ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაა“ აღაშფოთა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებამ. მან ე.წ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ანქვაბი „აფხაზეთის უმაღლესი ორდენით“ დააჯილდოვა. საუბარია „ახძ-აფშას“ ("ღირსება და დიდება") I ხარისხის მედალზე. ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ანქვაბს იცნობენ, როგორც აფხაზეთის ომის დროს ყველაზე „შელახული“ რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსს. „არუაას“ წევრები მას „საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მოწაფეს“ უწოდებენ.
„შეგახსენებთ, რომ ალექსანდ ანქვაბის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული იარაღის გადაცემაზე აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან იოსელიანის ხელმძღვანელობით კგბ-სთვის. ფაქტობრივად, ქართული მხარისთვის. გამოძიებით დადასტურდა გადაცემის ფაქტი, მაგრამ იურისტებმა მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია მიანიჭეს. ვლადისლავ არძინბამ ა.ანქვაბი საჯაროდ დაადანაშაულა იმაში, რომ მან იცოდა საქართველოს შემოჭრის გეგმების შესახებ, მაგრამ არ გააფრთხილა ქვეყნის ხელმძღვანელობა. შემდგომში ა.ანქვაბი გაათავისუფლეს მინისტრის პოსტიდან, ის მრავალი წლის განმავლობაში არ ჩამოსულა აფხაზეთში საზოგადოების გაკიცხვის გამო“, - ნათქვამია „არუაას“ განცხადებაში.
ადგილობრივმა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ 2014 წლის მოვლენებიც გაიხსენა, როდესაც „პრეზიდენტი“ ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.
„ანქვაბის პრეზიდენტობის პერიოდში მნიშვნელოვანი სახელმწიფო პრობლემების არგადაჭრის სურვილმა, რომელსაც თან ახლდა აფხაზეთის მოქალაქეობის უკანონო მასობრივი დარიგება, ძირითადად საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, ხელისუფლებაში მეორე ვადით დარჩენის სურვილით, 2014 წლის მაისში ღრმა პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანა. პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაური თანამდებობიდან გადააყენა, მოგვიანებით კი თავად ა.ანქვაბი გადადგა ვადაზე ადრე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„არუაას“ წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ „ჩავარდნილი ციტრუსის კამპანია“, „აფხაზური ჩაის განადგურება“, „გაუთავებელი ენერგეტიკული კრიზისი“, „პანდემიისადმი უყურადღებო დამოკიდებულება“ და სხვა პრობლემები სწორედ ანქვაბის საქმიანობას უკავშირდება.
„ოდესღაც დიდმა გერმანელმა ხალხმა დემოკრატიული გზით აირჩია ფაშისტი ა. ჰიტლერი თავის ლიდერად. ასე ხდება, როცა უმრავლესობა ცდება. ასე მოხდა 2011 წელს ა.ანქვაბის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
„არუაას“ წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ მომავალი თაობები ანქვაბის ყველა ჯილდოსა და ტიტულს გააუქმებენ და მის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია „სახელმწიფოებრიობის განადგურებისკენ“, შეფასებას მისცემენ. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ შეაფასებენ ასევე ქმედებებს, რითაც ასლან ბჟანიამ „უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოების დისკრედიტაცია მოახდინა“.
ფაზილ ისკანდერი, ვლადისლავ არძინბა, ედუარდ კოკოითი, დანიელ ორტეგა, უგო ჩავესი, ბაშარ ალ-ასადი, სერგეი შოიგუ, ვლადიმირ პუტინი და დიმიტრი მედვედევი სხვადასხვა წლებში დაჯილდოვდნენ „ღირსებისა და დიდების“ 1-ლი ხარისხის ორდენით.