Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის მთავარი დაპირება ცხინვალელი ძალოვნებისთვის ხელფასების გაზრდაა


ალან გაგლოევი, დიმიტრი კოზაკი
ალან გაგლოევი, დიმიტრი კოზაკი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში იმყოფება და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. იგი უკვე შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. ⠀

"შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2025 წლამდე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებას, ასევე რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის სახსრების ეფექტურ გამოყენებას. მიზნად ისახავს რესპუბლიკაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმტკიცებას", - ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში.

მხარეებმა განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ხელფასების გაზრდის, ასევე პროკურატურის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სხვა ორგანოების თანამშრომლების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები. ცალკე განიხილებოდა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები.

როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტის 90 პროცენტზე მეტი რუსეთის ბიუჯეტიდან ივსება. ამიტომ ფინანსების ეფექტური ხარჯვის მონიტორინგს რუსეთის კონტროლის პალატაც ახორციელებს ხოლმე პერიოდულად.

ოკუპირებულ რეგიონში ხელფასების და პენსიის გაზრდის შესაძლებლობაც სწორედ რუსეთიდან გამოყოფილ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალან გაგლოევი ასევე შეხვდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG