Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 საათს გაგრძელდა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში


დანგრეული საცხოვრებელი სახლი კიევში. 2022 წლის 29 დეკემბერი
დანგრეული საცხოვრებელი სახლი კიევში. 2022 წლის 29 დეკემბერი

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ხარკოვის, ოდესის, ლვოვის, სუმის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებზე.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 16 რაკეტა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ოლქის ტერიტორიაზე მოიგერია 21 რაკეტა. კიევის დარნიცკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა ორ კერძო საცხოვრებელ სახლს. დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის გოგო.

რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია ენერგოობიექტები. ლვოვის მერის, ანდრი სადოვის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის 90%-ს. ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ქალაქ ოდესაში და ოდესის ოლქშიც.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მასირებული სარაკეტო იერიში დღეს დილით განაახლეს, რასაც წინ უძღოდა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილიდან საოკუპაციო ძალებმა უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით, სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და გემებიდან შეუტიეს საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თანახმად, დღევანდელი მასირებული შეტევისას რუსეთმა 120-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG