Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თითქოს ნათურასავით ვარ, შუქი მოდის და ენერგია მიბრუნდება" - ახალი წელი უკრაინაში


უკრაინაში, რუსული რაკეტები დენისა და გათბობის გარეშე ტოვებს მილიონობით ადამიანს. ერთ-ერთი მათგანი ოდესელი ტატიანა მილიმკოა. ორ პატარა შვილთან ერთად, ის ახალი წლის შესახვედრად ემზადება.

“სანთელი აღარასოდეს იქნება ჩემთვის რომანტიკის სიმბოლო, რესტრორნები კი ალბათ სულ ცხელ კერძებს მომაგონებს” - ამბობს ტატიანა მილიმკო.

ის ვერ იხსენებს, ბოლოს როდის გაატარა დღე საჰაერო განგაშის გარეშე. ადრე რუსული რაკეტების მოახლოების შესახებ გამაყრუებელი სირენა აფრთხილებდა, ამ ბოლოს კი კარდაკარ მოსიარულე პოლიციელები. განგაშები ადრე ერთ საათს, ახლა კი 4-5 საათს გრძელდება.

ტატიანა მილიმკო
ტატიანა მილიმკო

“მაშინ ვეგუებოდი, მაგრამ ახლა ვერ… იღლები და სადრაფში ხუთი საათი ვეღარ იჯდები, როცა სამსახური გაქვს და ათასი საქმე”. ტატიანა შავიზღვისპირა ქალაქში, ოდესაში ერთ-ერთი ონლაინ-გამოცემის მთავარი რედაქტორია. სამსახურის გამო დარჩა ოდესაში.

საჰაერო განგაშებზე მეტად, ახლა მის ოჯახს უშუქობა აწუხებს. თითქმის სამი თვეა, ელექტროენერგია მკაცრი გრაფიკით აქვთ. საუკეთესო შემთხვევაში, დღეში რამდენიმე საათით. ძალიან ხშირად, დენის გათიშვიდან მალევე, მობილური და ინტერნეტ კავშირი წყდება.

“ბარბაროსობა”

უშუქობა უკრაინლებისთვის ყოველდღიუობის ნაწილი გახდა. მილიონობით ადამიანი რჩება დენისა და გათბობის გარეშე, ჩერდება მეტრო, გამართულად ვეღარ მუშაობს საავადმყოფოები და სამშობიაროები.

მოსკოვმა უკრაინის ელექტორსადგურების და გადამცემების დაბომბვა ოქტომბერში დაიწყო, აღმოსავლეთ უკრაინაში განცდილი არაერთი სტრატეგიული მარცხის შემდეგ. უკრაინის მტკიცებით, თითო იერიშის დროს, რუსეთის ტერიტორიიდან ათობით რაკეტა მოფრინავს.

მაგალითად, 16 დეკემბერს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თქვეს, რომ რუსეთმა შავი ზღვიდან 60-მდე რაკეტა გაუშვა. 29 დეკემბერს რაკეტების რიცხვი 69-მდე გაიზარდა. აქედან 54 ჩამოგდეს.

ოდესის ცენტრალური ქუჩა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:11 0:00

ოდესაში ეს ვიდეო ტატიანა მილიმკომ 27 დეკემბერს გადაიღო.

რაკეტები ჩამოვარდა დიდ ქალაქებში, კიევში, ხარკოვში და ოდესაში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის მოსახლეობის 40%-ზე მეტი დენის გარეშე დარჩა. ლვოვის მერის ინფორმაციით კი ელექტროენერგია მის ქალაქს თითქმის აღარ მიეწოდება.

“ეს უაზრო ბარბაროსობაა. სხვა სიტყვები არ მაფიქრდება, როდესაც რუსეთი წინასაახალწლოდ, ღამე ბომბავს რაკეტებით უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს” - დაწერა ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

გაზის ბალონი და ქურა

უშუქობის მიზეზი მხოლოდ აფეთქებები არაა.ხან ძაბვაა მეტისმეტად სუსტიი, ხანაც მწყობრიდან გამოდის მოძველებული გაყვანილობა. “შუქი რომ მოდის, ხშირად ძველ ტრანზისტორებს ცეცხლი უჩნდება ხოლმე” - ამბობს ტატიანა.

სახლში ელექტროღუმელი აქვს. ამიტომაც საჭმლის გასაკეთებლად და წყლის ასადუღებლად, იყენებს პორტატულ ქურას და პატარა გაზის ბალონს. ოღონდ ამ დროს მშვიდად არაა ხოლმე, რადგან მის სამეზობლოში “ასეთ ბალონები უკვე ორჯერ აფეთქდა”.

ტატიანა მილიმკო ანთებს გაზქურას
please wait

No media source currently available

0:00 0:00:22 0:00

ენერგოკრიზის დაწყების შემდეგ, უკრაინაში ბევრმა დენის გენერატორი იყიდა. უკრაინული ინტერფაქსის ინფორმაციით, მხოლოდ ნოემბერში გენერატორების ნახშიროჟანგით 368 ადამიანი მოიწამლა, 20 კი გარდაიცვალა. ამიტომაც ტატიანა გარისკვას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ უშუქობა მხოლოდ ყოფით პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ფსიქოლოგიურსაც.

“მეც თითქოს ნათურასავით ვარ. შუქი მოდის და ენერგია მიბრუნდება, წავა და აღარაფერი მინდა… ამას განგებ გვიკეთებენ, რომ დავიტანჯოთ და ცუდად ვიყოთ” - ამბობს ის.

ხანმოკლე დღესასწაული

დეკემბრის მეორე ნახევრიდან ტატიანას ახალი საზრუნავი დაემატა. მისი ორი შვილი, 9 წლის ტიმოფეი და 13 წლის დენისი ძალიან ელოდებიან ახალი წლის ღამეს. ბავშვების დაბადების დღეები წელს არ აღუნიშნავთ, ამიტომ 31 დეკემბერს აუცილებლად სუფრასაც გაშლის და ახალ წელსაც შეხვდება, რათა "ერთი დღით მაინც ყველაფერი ძველებურად იყოს”.

ნაძვის ხის ნათურები ელემენტების წყალობით ანათებს
ნაძვის ხის ნათურები ელემენტების წყალობით ანათებს

მისი “საფირმო კერძი” - მანდარინებთან ერთად გამომცხვარი იხვი წელს ალბათ აღარ იქნება. სამაგიეროდ, იქნება განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა და იმის დაფასება, რომ ამ წელს ყველანი ცოცხლები გადავურჩით - ამბობს ის. თუმცა იქვე ამატებს, რომ დიდი ხნით არ ეზეიმება.

“ჩემთვისაც და ძალიან ბევრისთვის 24 თებერვალი [ომის დაწყების დღე] ჯერ არ დასრულებულა. ნამდვილი დღესასწაული მხოლოდ გამარჯვების შემდეგ გვექნება, როცა ეს პირუტყვები აქედან წავლენ”.

424 ბავშვი

ელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების გარდა, რაკეტები ეცემა საცხოვრებელ სახლებსაც. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში დაიღუპა თითქმის 7 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 424 ბავშვი.

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგო ინფტრასტრუქტურის დაბომბვა მშვიდობინი მოსახლეობის დემორალიზაციად, ტერორად და ომის დანაშაულად შეაფასა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG