Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული სარდლობის ცნობით, განადგურებულია რუსეთის 16 დრონი


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, წუხელ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტიეს 16 ირანული უპილოტო საფრენი აპარატით Shahed-131/136. სარდლობის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 16-ვე „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თანახმად, წუხელ, დედაქალაქზე დარტყმის მიზნით რუსეთმა გამოიყენა 7 უპილოტო საფრენი აპარატი, საიდანაც საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 გაანადგურეს კიევის მახლობლად და 5 კიევის თავზე.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ოლქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს 29 დეკემბერს ღამითაც, დილით კი, მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს დედაქალაქ კიევის და კიევის, ხარკოვის, ოდესის, ლვოვის, სუმის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ ზალუჟნის განცხადებით, 29 დეკემბერს რუსეთმა გამოიყენა საჰაერო და საზღვაო ბაზირების და მართვადი საზენიტო რაკეტები. ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 69 ფრთოსანი რაკეტიდან 54 გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG