Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: მაკეევკის ინციდენტი აჩვენებს როგორ იწვევს არაპროფესიონალიზმი დიდ დანაკარგს


მაკეევკაში ნანგრევებისგან წმენდენ უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილს. 2023 წლის 3 იანვარი
მაკეევკაში ნანგრევებისგან წმენდენ უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილს. 2023 წლის 3 იანვარი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ობიექტის ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ვარაუდობს, რომ საცხოვრებლის გვერდით ინახებოდა საბრძოლო მასალები და უკრაინელების სარაკეტო დარტყმამ მათი აფეთქებაც გამოიწვია. ბრიტანული დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შენობა მთლიანად დანგრეულია. ასევე, იმ გარემოებაზე, რომ ობიექტი მდებარეობდა 12.5 კილომეტრის დაშორებით ფრონტის ხაზის ავდეევკის მონაკვეთიდან, სადაც განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციაა.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის თანახმად, რუს სამხედროებს უკრაინაში ომის დაწყებამდეც ჰქონდათ საბრძოლო მასალების უსაფრთხოდ შენახვის პრობლემა, მაგრამ მაკეევკის ინციდენტი აჩვენებს, როგორ უწყობს ხელს არაპროფესიონალიზმი რუსეთის დიდ დანაკარგებს.

ახალი წლის ღამით, უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო სისტემებით HIMARS ზუსტი იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მაკეევკაში მდებარე რუსულ ბაზაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო დარტყმა და 63 სამხედროს დაღუპვა 2 იანვარს დაადასტურა. წუხელ, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალმა სევრიუკოვმა განაცხადა, რომ ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა.

უკრაინის გენერალური შტაბში 2 იანვარს განაცხადეს, რომ მაკეევკაში განადგურებულია რუსეთის მიერ საომრად მობილიზებული 400-მდე პირი, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG