Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სკანდალის პროვოცირება გამოიწვია ბიბილოვის Z-იანმა "ლექსუსმა"


ანატოლი ბიბილოვის ავტომანქანა
ანატოლი ბიბილოვის ავტომანქანა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ავტოინსპექციის თანამშრომლებმა გააჩერეს ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ავტომანქანა „ლექსუსი“, რომლის სანომრე ნიშანია უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ სიმბოლო Z.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცნობით, ბიბილოვის მხარდამჭერი ინტერნეტ-რესურსები წერენ, რომ ავტოინსპექციის თანამშრომლები "იძულებული იყვნენ" შეესრულებინათ მოქმედი „პრეზიდენტის", ალან გაგლოევის ბრძანება და „ექსპრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვს მოსთხოვეს ამ სანომრე ნიშნის მოხსნა. ამავე წყაროების ინფორმაციით, „ბიბილოვმა მკაფიოდ გააგებინა, რომ არავის მისცემს მისი ავტომობილიდან ნეოფაშიზმთან ბრძოლის სიმბოლოს ჩამოხსნის უფლებას" და „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ მის პრინციპულ პოზიციას“.

ზოგიერთმა ოსურმა და რუსულმა ტელეგრამ-არხმა მომხდარში „რუსოფობიის“ ნიშნებიც დაინახა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გაზაევმა ადგილობრივ ტელეკომპანია „ირ-ს" განუცხადა, რომ ავტომანქანა რამდენიმე დღის განმავლობაში მოძრაობდა დაუდგენელი სახეობის სარეგისტრაციო ნიშნებით მაშინ, როცა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებით, ავტომანქანის ნომერი შესაბამისი წესით უნდა იყოს დარეგისტრირებული. ამასთან, გაზაევმა თქვა, რომ დარღვევის მიუხედავად, ბიბილოვს ისევ მისცეს Z-იანი ავტომანქანით გადაადგილების უფლება, რადგან ის „სპეციალური სუბიექტია და გარკვეული იმუნიტეტი აქვს“. გაზაევმა ისიც განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის მთელი ხალხი პირველივე დღეებიდან სრულად უჭერს მხარს რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას".

ანატოლი ბიბილოვი ალან გაგლოევთან დამარცხდა 2022 წლის მაისში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მას შემდეგ ბიბილოვი ხშირად ჩადის უკრაინის დონეცკის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

XS
SM
MD
LG