Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სბუ: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებში ნაპოვნია რუსეთის სამხედრო საწყობები


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) პარასკევს გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) შენობებში ჩატარებულ ჩხრეკაზე ხერსონის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკისა და როვნოს ოლქებში.

სბუ კერძოდ აცხადებს, რომ წმ. იოანე კრონშტადტელის ეკლესიაში, ხერსონის ოლქში, აღმოჩენილია ყოფილი საწყობები „რუსეთის საოკუპაციო დაჯგუფების“ ქონებით და რომ ეს საწყობები მოწყობილი იყო ეკლესიის დეკანოზ ანატოლი კორნევის ხელშეწყობით. მღვდელმა კონტაქტები გააბა საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან და პირდაპირ კავშირში იყო ფსბ-ს წარმომადგენლებთან, განაცხადა სბუ-მ. კორნევის შესახებ ამავე დროს ნათქვამია, რომ ის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მიიმალა ხერსონის გათავისუფლების დროს.

სპეცსამსახური ასევე იტყობინება, რომ ჩხრეკის დროს მისმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს „კრემლის მხარდამჭერი ლიტერატურა, უკრაინაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო პროკლამაციები და რუსული სიმბოლიკა“. ცალკეა ნახსენები როვნოს ოლქში, მეჟირიცკის წმ. სამების მონასტერში ნაპოვნი „პროპაგანდისტული მასალები გაერთიანებისა, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი ხელმძღვანელობს“. სბუ აღნიშნავს, რომ ნაპოვნი მტკიცებულება ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

შემოდგომაზე უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში ჩხრეკა დაიწყეს. ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ფორმალურად კვლავაც რჩება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურაში. იტყობინებიან, რომ საგამოძიებო ღონისძიებების დროს, მათ შორის, კიევ-პეჩორის ლავრის ტაძრებში, სხვათა შორის იპოვეს „დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული მასალა“, ასევე დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის სტრუქტურების ხელმძღვანელებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG